ნუკრი ქანთარია - გედევან ფოფხაძის ემოციური გადაწყვეტილებიდან დასკვნების გაკეთება და ანალიზია საჭირო, მართლაც სად ვდგავართ
გედევან ფოფხაძემ, ფაქტობრივად, ემოციური გადაწყვეტილება მიიღო, ვფიქრობ, აქედან ვფიქრობ, დასკვნების გაკეთება და ანალიზია საჭირო, მართლაც სად ვდგავართ, ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პირველ არხს განუცხადა.
ქანთარია ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძის მოსაზრებას იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ თავად საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავს და არც სხვა დეპუტატებისგან ფლობს მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას.
„საერთოდ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამის მაგალითები ადრეც ყოფილა. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მე მაინც მიმაჩნია, რომ გედევანმა იჩქარა, ემოციური გადაწყვეტილება იყო, თუმცა მის პოზიციას ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვიზიარებ.
საკითხის ასე დაყენება, რომ კაკაბაძე ოპოზიციის კვოტაა და ეს ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, არ შეიძლება. ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ არ მოუცია ჩვენთის ხმა, რომ ასეთი ანგაჟირებული პერსონები გავიყვანოთ ხოლმე და მივცეთ ხმა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ გუნდში ერთიანობის შენარჩუნების რესურსი ჯერ არსებობს.
„გუნდის შიგნით ჯერჯერობით არის იმის საშუალება, რომ სხვადასხვა აზრი გაზიარებული ხან იყოს, ხან არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მოსმენილი იყოს მაინც. ამ შემთხვევაში, მარტოც არ ვარ, ხშირად არის განსხვავებული აზრები. ვნახოთ მერე პროცესი სად წაგვიყვანს და როგორ იქნება“, – განაცხადა ქანთარიამ, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დატოვების შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გააანალიზოს.
„ვნახოთ, რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ ამ პატარა სიმპტომიდან, რაც ახლა გედიმ, ფაქტობრივად, ასეთი ემოციური გადაწყვეტილება მიიღო, ვფიქრობ, დასკვნების გაკეთება და ანალიზია საჭირო, მართლაც სად ვდგავართ, ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი. არავინ არ გარბის და არავის არ უნდა ცალკე. ყველამ ერთიანად უნდა გააკეთოს დასკვნები,ლიდერებმა, თავმჯდომარემ და მათთან ერთად, ალბათ, თითოეულმა დეპუტატმა“, – განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.