ნუგზარ წიკლაური - გრიგოლ ვაშაძის წასვლა, განცხადება მოულოდნელიც იყო და აუხსნელიც, ვერ გავიზიარებთ განცხადების ვერც პათოსს და ვერც შინაარსს, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა
გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა, მისი განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის იყო მოულოდნელიც და აუხსნელიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს განცხადების შინაარსსა და პათოსს.
„ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო მძიმდება. მისი წასვლა, ამ განცხადების ფორმა და შინაარსი იყო ჩვენთვის მოულოდნელიც და აუხსნელიც. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ განცხადების ვერც პათოსს და ვერც შინაარსს, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა გრიგოლ ვაშაძემ.
ამავე დროს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მუდამ ხდებოდა ცვლილებები. მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ იმ წასულ ადამიანებს ცვლიდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც უერთდებოდნენ ამ მოძრაობას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მას შეუძლია, ქვეყანაში ამ დიქტატორის შეცვლა. ეს არის ყველაზე უფრო უმთავრესი. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, როდესაც კეთდება ასეთი განცხადებები, ალბათ უმჯობესია, პარტიის ლიდერშიპი, ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არიან პარტიაში, იყვნენ უფრო სრულად ინფორმირებული, რათა არ გაჩნდეს ბევრი კითხვის ნიშანი, სხვადასხვა ინსინუაციები.
არ ვიცი, ვის გულისხმობს ბატონი გრიგოლი „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზურ ფიგურებში. მე დღეს ვნახე რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, თეა წულუკიანი, მდინარაძე და სხვა წევრები „ქართული ოცნების“, რომლებიც იწონებდნენ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, გრიგოლ ვაშაძეს განცხადებაში ეგულისხმა ვანო მერაბიშვილი, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძემ თავად განმარტოს, ვის გულისხმობს განცხადებაში.
„ვერ გეტყვით, ვის გულისხმობს. ამაზე მეტი კონკრეტიკა ალბათ მისგან არის მოსალოდნელი. ალბათ გრიგოლ ვაშაძე განმარტავს პერსონალიებთან დაკავშირებით“.
წიკლაურის თქმით, პარტიაში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკებების დროსაც.
„კონკრეტულად არ მქონია მასთან საუბარი, რომ ვინმე, კონკრეტული ადამიანის ყოფნა არ მოსწონს პარტიაში. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა იყო. მათ შორის, აზრთა სხვადასხვაობა იყო დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკებების დროსაც. ეს არის ჩვეულებრივი რამ. ეს ხდებოდა ყოველთვის, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში. მაგრამ რა გახდა მიზეზი კონკრეტულად, ვერ გეტყვით. განცხადებაში აღწერს იმ მიზეზებს, რის გამოც წავიდა პარტიიდან და გააკეთა ასეთი განცხადება. მათ შორის ახსენებს რაღაც მითიურ თავდასხმებს დიპლომატებზე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს დასხმია თავს არც ერთ დიპლომატს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია. პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილ ე.წ. პარლამენტში არ შევალთ, არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში. შესაძლოა, ჩვენი ზოგიერთი განცხადება განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელიც ზოგიერთ დიპლომატს ჰქონდა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ გადაგვილახავს ის ზღვარი, რასაც ჰქვია კეთილი თანამშრომლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა წიკლაური გრიგოლ ვაშაძის შესვლას პარლამენტში, წიკლაურმა განაცხადა: „ვერ გეტყვით. ყველა შეკითხვა, რომელიც მის პირად, თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს ეხება, ალბათ უნდა განმარტოს მან“.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, თუ გრიგოლ ვაშაძე ფიქრობდა, რომ პარტიაში რაიმე სახის პრობლემები იყო, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მოეგვარებინა და წარედგინა სტრატეგიული გეგმა.
„გრიგოლ ვაშაძე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო პარტიის თავმჯდომარე. ის არჩეული იყო პარტიის ყრილობის მიერ. თუ ფიქრობდა, ტაქტიკური თვალსაზრისით ან მით უმეტეს, სტრატეგიის თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვქონდა რაიმე სახის პრობლემები, პირიქით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ელოდა მისგან სწორედ ასეთი სტრატეგიული გეგმის წარმოდგენას. ამიტომ, ახლა პარტიის თავმდჯომარის მხრიდან ლაპარაკი იმაზე, რომ არ გვქონდა ის, რაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა გაეკეთებინა პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ პარტია რომელიმე წევრმა კიდევ დატოვოს, წიკლაურმა აღნიშნა, რომ „ასეთი ინფორმაცია არ აქვს“.
„არავის ასეთი რამ არ უთქვამს. დღევანდელი მდგომარეობით, ყველასთვის იყო მოულოდნელი ის განცხადება, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს დატოვა.