ნუგზარ წიკლაური - გრიგოლ ვაშაძის განცხადება იყო არასწორი, დამაზიანებელი და არ ყოფილა პარტიასთან შეთანხმებული
ნუგზარ წიკლაური - გრიგოლ ვაშაძის განცხადება იყო არასწორი, დამაზიანებელი და არ ყოფილა პარტიასთან შეთანხმებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პარტიასთან შეთანხმებული არ არის.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პარტია განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

წიკლაურის შეფასებით, ოპოზიციამ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს ქუჩის საპროტესტო აქციები.

„მოგვიანებით გაკეთდება პარტიის განცხადება. ეს არ არის შეთანხმებული პარტიასთან. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, ეს არის სრულიად მიუღებელი და მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს ის გზა, რომლითაც მიდიოდა აქამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ მაშინ, როდესაც ჩამორთმეულია ყველა დემოკრატიული უფლება, მაშინ, როდესაც გაყალბებულია არჩევნები, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა უკიდურესი ძალადობის გზით, ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გზა, კონსტიტუციური, კანონთან შესაბამისი გზა და ეს არის ქუჩის საპროტესტო აქციები. ვერაფერს გეტყვით, რა იყო ასეთი განცხადების მოტივი.

პირადად ჩემთვის, და როგორც მაქვს ინფორმაცია, პრაქტიკულად ყველასთვის პრტიაში, ეს ინფორმაცია არ იყო ცნობილი. მე მოგახსენეთ პირადად ჩემი პოზიცია, სხვები მოგახსენებენ თავიანთ განცხადებებს, ერთიანი პოზიცია იქნება ძალიან მალე. არამგონია, ეს ერთიანი პოზიცია იყოს თანხვედრაში იმასთან, რაც გრიგოლ ვაშაძემ გამოაქვეყნა.

რა იყო მოტივი, უნდა ჰკითხოთ მას. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო არასწორი, დამაზიანებელი და შეუთანხმებელი განცხადება. ძალიან ცუდია, რომ ამ კომენტარის გაკეთება მიწევს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი პარტიის ლიდერების უმრავლესობის პოზიცია, არავინ არ იყო ინფორმირებული და ყველას აქვს ასეთი პოზიცია, რომ ჩვენი გეზი უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო აქამდე. პირდაპირ გეუბნებით, აზრთა სხვადასხვაობაა. ეს განცხადება არ იყო შეთანხმებული არც პარტიასთან და არც მის რომელიმე სტრუქტურასთან“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა იყოს საუბარი გრიგოლ ვაშაძის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე, წიკლაური პასუხობს, რომ ყველაფერი მალე გამოჩნდება.

„ადამიანები აკეთებენ განცხადებას თავიანთი პოლიტიკური მრწამსის და თავიანთი ადამიანური სინდისის შესაბამისად. როგორ ვიცი, ჩვენი პარტიის წევრმა ასეთი განცხადება უკვე გააკეთა, ერთიან პოზიციას რაც შეეხება, ძალიან მალე იქნება ცნობილი“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.