ნუგზარ წიკლაური - გაუგებარი იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან პრიმიტიული პარტიზანობა, მალულად მივიდნენ და ჩაატარეს ბრიფინგი, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღია საუბარი არ შეგვეძლო
ნუგზარ წიკლაური - გაუგებარი იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან პრიმიტიული პარტიზანობა, მალულად მივიდნენ და ჩაატარეს ბრიფინგი, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღია საუბარი არ შეგვეძლო

ჩემთვის სრულიად აუხსნელი, გაუგებარი იყო რაღაც პრიმიტიული პარტიზანობა, რომელიც დღეს ვიხილეთ ჩვენი მეგობრების მხრიდან. გაუფრთხილებლად, მალულად მივიდნენ და ჩაატარეს ბრიფინგი, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღია საუბარი არ შეგვეძლო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოზრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

ნუგზარ წიკლაური გამოემხუარა ირაკლი ნადირაძის ბრიფინგზე გაკეთებულ განაცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.

როგორც წიკლაური ამბობს, პარტიაში არჩევნებს ყოველთვის მიესალმებოდნენ და შესაძლებელი იყო, თარიღი ერთად დაეგეგმათ.

„რა თქმა უნდა, ყველას გვსურს მეტი აქტივობა, მეტი შედეგის მიღწევა, ასევე გაცნობიერება, თუ რა ბრძოლაშია დღეს საქართველო და მისი პოლიტიკური ფლაგმანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე, თვით ნიკა მელიას და კიდევ რამდენიმე ადამიანის ინიციატივა იყო, იქნებ, საჭირო იყოს ახალი არჩევნების ჩატარება. მით უმეტეს, სულ ორი თუ სამი თვე გვაშორებს ვადას, როდესაც პოლიტიკური საბჭოს არჩევნები უნდა მოხდეს. ისედაც უნდა ჩატარებულიყო პოლიტიკური არჩევნები, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარი იყო ის რაღაც პრიმიტიული პარტიზანობა, რომელიც დღეს ვიხილეთ ჩვენი მეგობრების მხრიდან. გაუფრთხილებლად, მალულად მივიდნენ და ჩაატარეს ბრიფინგი, თითქოს ამის რაიმე სახის შესაძლებლობა არ არსებობდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ან ნებისმიერ საკითხზე სრულიად ღია და გახსნილი საუბარი არ შეგვეძლო.

სავსებით შესაძლებელი იყო, ერთად დაგვეგეგმა თარიღი, როდის ჩატარდებოდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი დგას და ჩვენ, ყველანი კარგად ვხედავთ სტრატეგიას, რომელიც აქვს მისი დაცვის მხარეს, ადვოკატებს, რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიზებული იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა, პირიქით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ მოხდა ამ თემის პოლიტიზება. მგონია, ძალიან მძიმე ზიანიც კი მიაყენა იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არჩევნებს ყოველთვის მივესალმებოდით და ეს არჩევნები უნდა იყოს კიდევ უფრო ფართო,  მასშტაბური, ვიდრე ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ჩატარებულა „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ერთ-ერთი მედიის ეთერში.