ნუგზარ წიკლაური - აქციები არის მნიშვნელოვანი და ყველანაირად ვეცდებით, ეს იყოს მზარდი პროტესტი
პარტიამ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის არის ერთიანი და ჩვენი მხარდამჭერები ფიზიკურად მივლენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს იქნება სოლიდარობის აქცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. კარგად გვესმის, რომ თვით მისი დაცვის სტრატეგია ახლა არის სწორედ ასეთი, ამ თემის მაქსიმალური დეპოლიტიზაცია, მაგრამ მერე ვნახოთ, როგორი იქნება მოვლენათა განვითარება. თუ მოსამართლე იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული და რომელიც მოწამლულია რაღაც უცხო აგენტებით, მეტალებით, არაფერი არ სჭირს და ის აქ უნდა მოკვდეს, იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა განუხრელად უარესდება, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასი და როდესაც მოსამართლეს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს, იქ, ცხადია, ჩვეულებრივად ვეღარაფერი ვეღარ დარჩება“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტია უკვე გამოთქვამს სურვილს, რომ შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უახლოეს დღეებში და შესაძლოა, საათებშიც, რათა ყველამ ერთად განიხილოს წინააღმდეგობის გეგმა.
„ყველას ესმის, რომ ახლა ნადგურდება ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული საფუძვლები. მიხეილ სააკაშვილი არ არის ერთი ადამიანი. ის გახლავთ პოლიტიკური ფიგურა, რომლისთვისაც სხვადასხვა დროს მხარი დაუჭერია ერთ მილიონ ადამიანს, 800 000-ს, 600 000-ს და ამიტომ ეს პირდაპირ ხალხის მიმართ არის ანგარიშსწორება“, – განაცხადა წიკლაურმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ აქციებს მასშტაბური სახე ექნება, წიკლაურმა განაცხადა, რომ აქციები მნიშვნელოვანია და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, ეს იყოს მზარდი პროტესტი.
„აქციები არის მნიშვნელოვანი და ყველანაირად ვეცდებით, ეს იყოს მზარდი პროტესტი, იმისდა კვალად, როგორ მოიქცევა ხელისუფლება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ამავე დროს მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა დასავლეთში.
„ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმ ქვეყნებში, რომლებიც დაინტერესებული არიან, საქართველოში არ მოხდეს დემოკრატიულობის კოლაფსი და შეჩერდეს ეს კანიბალური ანგარიშსწორება, რასაც ივანიშვილი ჩადის ახლა. ჩვენი მეგობრები ახლაც იმყოფებიან აშშ-ში, მაგალითად, გია ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე. იქ არის შეხვედრები, აშშ-ის კონგრესში და ასევე, სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან. ჩვენი სხვა წარმომადგენლები არიან ევროპაში. ყველა არის ინფორმირებული და ყველას ყურადღება ახლა მიპყრობილია საქართველოსკენ“, – განაცხადა წიკლაურმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა გეგმის ნაწილი პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტისადმი მიმართვა, რა თქმა უნდა, იქნება პარტიის მოქმედებების ერთ-ერთი შემადგენელი, განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როცა პრეზიდენტისგან ითხოვენ არა პოლიტიკურ, არამედ წმინდად ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.
შეკითხვაზე, რატომ ამბობენ სააკაშვილის მხარდამჭერები უარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან მოხდეს ექიმის მოწვევა და მისი მკურნალობის პროცესში ჩართვა, წიკლაურმა განაცხადა, რომ ის, რაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, არის პრიმიტიულობის, სიბრიყვის და ცინიზმის ზენიტი.
„მართლა არაფერი არ უნდა იცოდე ამ სამყაროში, რომ ვერ ხვდებოდე, რომ ლაპარაკია არა ერთ ექიმზე, არამედ მულტიპროფილურ კლინიკებზე, სადაც არის ექიმთა დიდი კონსილიუმები და სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ ერთობლივად“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.