ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალისთვის ოპერაცია ამ დრომდე არ გაუკეთებიათ
ოკუპირებულ ახალგორში, ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქისთვის ოპერაცია ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ავრცელებს.
ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ის თამარ გიგაურის დისშვილს ესაუბრა. გამგებლის ინფორმაციით, გიგაურის ოჯახის წევრი ამბობს, რომ ექიმები აიმედებენ.
„დღევანდელი ინფორმაციით, ქალბატონ თამარ გიგაურის დისშვილისგან ვიცი, რომ არ გაუკეთებიათ ოპერაცია მოტეხილობაზე, არც თაბაშირში არ აქვს ჩასმული, უბრალოდ აქვს შეხვეული. თითქმის ყოველდღე უკეთებენ რენტგენს და საბოლოოდ ვერ დაადგინეს, რა ხდება. ეუბნებიან, თითქოს არანაირი პრობლემა არ არის, ყველა ანალიზი კარგია და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საშიშროება არ ემუქრება. ამ მოტივით ალბათ მიაჩნიათ, რომ არ ექვემდებარება გადმოყვანას“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.