ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე მისი ბიზნესპარტნიორი გურამ ქაცანაშვილი დაიკითხა
თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა შპს „ვარკეთილი-96“-ის წილის ერთ-ერთი მფლობელის გურამ ქაცანაშვილის დაკითხვა ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.
ქაცანაშვილი ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე იყო დაბარებული. ის მოკლულის ბიზნესპარტნიორი იყო.
პარტნიორებს შორის დავის არსებობას არ უარყოფს ქაცანაშვილის ადვოკატი, თუმცა აცხადებს, რომ მკვლელობის მოტივის შესახებ რაიმე ინფორმაციას მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფლობს.
„ბუნებრივია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაიბარეს დაკითხვაზე. ის აძლევს განმარტებას ყველა იმ დეტალთან დაკავშირებით, რაც ეხება მათ საქმიან ურთიერთობას. ბიზნეს-პარტნიორებს შორის სამწუხაროდ არ არის იშვიათი სამართლებრივი დავები, მათ შორის ამ შემთხვევაშიც იყო პარტნიორებს შორის დავები, მაგრამ ეს დავა არასდროს გასცდენია სამართლებრივ ჩარჩოებს. დიახ, გარკვეული დავები იყო, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთანაც და სხვებთანაც“,- განაცხადა ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა.
კითხვაზე, ახლაც მიმდინარეობს თუ არა ბიზნესთან დაკავშრებით სასამართლოში დავა, ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა აღნიშნული დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ დავა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ მიმდინარეობს.
„უშუალოდ ჩემი დაცვის მყოფთან არა, თუმცა ბაზრობის მესაკუთრეებს შორის და წილებთან დაკავშირებით დიახ, ეს დავები არსებობს“, – განაცხადა წერეთელმა.
ქაცანაშვილის დაკითხვამდე, გამომძიებლებს ჩვენება იმ ქალბატონმა მისცა, რომელიც კახიძის მკვლელობის დროს ბინაში იმყოფებოდა. კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდა მან სამართალდამცავებს, ამის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მოკლული ბიზნესმენის სხვა ბიზნესპარტნიორების დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ნუგზარ კახიძე შპს „ვარკეთილი 96“-ისა და სხვა კომპანიების წილებს ფლობდა. ის დღეს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. მას მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია ესროლა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.