ნუცა აბრამიშვილი - დღეის მდგომარეობით ქართული ღვინო მსოფლიო ხუთეულშია და სამეულამდე დიდი გზა არ არის
ნუცა აბრამიშვილი - დღეის მდგომარეობით ქართული ღვინო მსოფლიო ხუთეულშია და სამეულამდე დიდი გზა არ არის

ქართული ღვინო მსოფლიო ხუთეულშია და სამეულამდე დიდი გზა არ არის. ქართული ღვინის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას კი საექსპორტო ბაზრებზე ქვევრის ღვინო წარმოადგენს, – ამის შესახებ „შუხმან ვაინსის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა და „თბილღვინოს“ პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, ლაშა ლომაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ დღეს განაცხადეს.

გადაცემაში ღვინის სექტორის მიმდინარე წელი შეაფასეს და ზოგადად დარგის საექსპორტო პოტენციალსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. გადაცემაში აღინიშნა, რომ ქართული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთ არატრადიციულ და კონსერვატულ ბაზრებზე, როგორებიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, შვედეთი, დანია და ფინეთი, რაც, პირველ რიგში, ქვევრის ღვინის 8 000-წლოვანი უწყვეტი ტრადიციის დამსახურებაა.

„ქვევრის ღვინო არის სავიზიტო ბარათი. ეს არის უმთავრესი. მთავრია, ერთი კონკურენტული პოზიცია მოვაწონოთ და შემდეგ უფრო თამამი ხდება ჩვენი ღვინოების წარდგენა. ქვევრის ღვინო არის ის, რითაც ვაკვირვებთ დიდ ბრიტანეთს, ფინეთს, ნორვეგიას, შვედეთს, დანიას და ა.შ. რადგან რთულია, რომ ბურგუნდიულ და იტალიურ ღვინოებს კონკურენცია გაუწიო“, – განმარტა ლაშა ​ლომაშვილმა.

ნუცა აბრამიშვილის მოსაზრებით, ქართული ღვინო ქვევრის ღვინის წყალობით უკვე მსოფლიო ხუთეულში შედის და სამეულში შესვლის პერსპექტივაც აქვს.

„ქვევრის ღვინოა, რის გამოც საქართველომ განვითარებულ ბაზრებზე მაღალი პოზიცია დაიმკვიდრა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ უკვე ვართ იმ კონკურენტულ უპირატესობაში და ვდგავართ მსოფლიო ღვინის ისეთი რეგიონების გვერდით, როგორებიცაა ბურგუნდია, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები. ფაქტობრივად, ჩვენ გვიჭირავს ის ხაზი, რომ მსოფლიოს საუკეთესო სამეულისკენ წავიდეთ. ამ ეტაპისთვის ხუთეულში უფრო შევდივართ, თუმცა ხუთეულიდან სამეულამდე ძალიან დიდი გზა არ არის. ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა. თუნდაც ის, რომ ქვევრის ღვინის ხაზით ურთულეს ტენდერებში გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

„შუხმან ვაინსის“ გენერალური დირექტორის თქმით, ქვევრის საექსპორტო ბაზარზე წელს მოთხოვნა 15 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის დინამიკა აღმავალია.

„აქამდე თუ მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი ითხოვდა ტანინიან ქვევრის ღვინოს, ახლა მსოფლიო მოხმარებლებმაც დაიწყეს“,- განუცხადა ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.