77 ადამიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკი ჩადენილ დანაშაულს ნანობს.
ამის შესახებ ნორვეგიული გამოცემა Verdens Gang-ი ბრეივიკის მიერ ციხის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, წერილში ბრეივიკი ამტკიცებს, რომ რადიკალურ ნაციონალისტური იდეოლოგია დაივიწყა და ოცნებობს, რომ 2011 წლის მოვლენები არ მომხდარიყო.
სასამართლოს ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ ანდერს ბრეივიკი ტყუის და ამგვარად სასჯელის ვადის შემცირებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ბრეივიკი აცხადებდა, რომ ციხეში მისი შეხედულებები კიდევ უფრო რადიკალური გახდა, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც მან თავდასხმა ჩაიდინა.
ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.
სასამართლომ ნორვეგიელ ნაციონალისტ ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.