უნგრეთში პოლიციამ დააკავა 45 წლის ნორვეგიელი მამაკაცი, რომელიც მასობრივი მკვლელობის მოწყობაშია ეჭვმიტანილი
უნგრეთში პოლიციამ დააკავა 45 წლის ნორვეგიელი მამაკაცი, რომელიც მასობრივი მკვლელობის მოწყობაშია ეჭვმიტანილი

უნგრეთში პოლიციამ 45 წლის ნორვეგიელი მამაკაცი დააკავა, რომელიც მასობრივი მკვლელობის მოწყობაშია ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა „როიტერი“ იუწყება, დაკავებული მამაკაცი აცხადებდა, რომ მას სურდა 2011 წელს ნორვეგიელი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტის, ანდერს ბერინგ ბრეივიკის მიერ განხორციელებული თავდასხმების მასშტაბებზე გაცილებით დიდი ტერაქტების მოწყობა.

უნგრეთის პოლიციის განცხადებით, დაკავებული მამაკაცი სოციალურ ქსელში ვიდეოებს სხვადასხვა ენაზე ტვირთავდა, სადაც საუბრობდა მასობრივი მკვლელობების მოწყობაზე კონკრეტულ ლოკაციებზე.

მამაკაცი, რომელიც ანტიტერორისტულმა ძალებმა შაბათს დააკავეს, მანამდე ნასამართლევი იყო ნორვეგიაში სხვადასხვა ბრალდებით, თუმცა კონკრეტულად რა საქმეებზე ჰქონდა ბრალი წაყენებული, უნგრეთის პოლიციას არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა, რვა ადამიანი ოსლოში მის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ემსხვერპლა, ხოლო 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები, კუნძულ უტოიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლნენ, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.