ნორვეგიის სამეფომ საქართველოსთვის ენერგეტიკის დარგში 4 მილიონი დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა
ნორვეგიის სამეფომ საქართველოსთვის ენერგეტიკის დარგში 4 მილიონი დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ნორვეგიის სამეფო საქართველოს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის, ნორმატიული ბაზის შემუშავებას და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით.  

ამ მიზნით, ნორვეგიამ გამოყო  4 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტი, რომელსაც საქართველო შემდეგი 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

„ნორვეგიასთან ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. აღსანიშნავია მსხვილი ნორვეგიული ინვესტიციები საქართველოს ჰიდროპოტენციალის განვითარებაში. ნორვეგიული ინვესტიციებით ხორციელდება საქართველოში უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტები – „აჭარისწყლისჰესი“ და „ნამახვანიჰესი“. ამ პროექტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში. მოხარული ვარ, რომ ენერგოსექტორში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განვითარება აქტიურად დგას ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში.  ნორვეგიის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება გვეხმარება  წარმატებით შევასრულოთ ჩვენს წინაშე არსებული ამოცანები ევროკავშირის ენერგეტიკულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გრანტით, ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში.

პირველი სტუდენტები ნორვეგიაში უკვე მიმდინარე წელს  გაემგზავრებიან.

გარდა ამისა, ხუთი მოკლევადიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდება საქართველოს რამდენიმე საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ.

„ეს უწყებებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,  სსიპგარემოს ეროვნული სააგენტოდა სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.  ნორვეგიული მხარე ასევე დაგვეხმარება საქართველოში ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესსა და წყლის რესურსების მენეჯმენტის მოდელირებაში“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გრანტი ასევე ითვალისწინებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების გზამკვლევის შემუშავება და საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობა თურქეთის ენერგობაზართან.