ლევან დავითაშვილი - რომეო მიქაუტაძეს ამ ეტაპზე არავინ ჩაანაცვლებს, პირადად ვიქნები ენერგეტიკის სფეროს კურატორი, ეს სფერო ჩვენთვის პრიორიტეტულია
ლევან დავითაშვილი - რომეო მიქაუტაძეს ამ ეტაპზე არავინ ჩაანაცვლებს, პირადად ვიქნები ენერგეტიკის სფეროს კურატორი, ეს სფერო ჩვენთვის პრიორიტეტულია

რომეო მიქაუტაძეს ამ ეტაპზე არავინ ჩაანაცვლებს, პირადად ვიქნები ენერგეტიკის სფეროს კურატორი. ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია, – ამის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების განცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

„საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილებების, განკარგულებების და დადგენილებების შესახებ. რაც შეეხება საკითხს, ვინ ჩაანაცვლებს რომეო მიქაუტაძეს ენერგეტიკის მიმართულებით, ამ ეტაპზე მას არავინ ჩაანაცვლებს. პირადად ვიქნები ენერგეტიკის სფეროს კურატორი. შესაბამისად, ვფიქრობ, ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ენერგეტიკის სფეროს ვერ ექნებოდა, როცა ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობს დარგს. ესეც არის დემონსტრირება, რომ ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია.

რაც შეეხება ცალკე უწყების საჭიროებას, იმ შემთხვევაში, თუ სწორად ხდება მართვა, ენერგეტიკისთვის ამაზე მეტი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ამა თუ იმ სფეროს, სექტორის განვითარებას ბევრ მომიჯნავე სფეროსთან კოორდინაცია სჭირდება, ეს იქნება ქონების განკარგოს საკითხები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საჭიროებს ძლიერ პორტფელში ყოფნას, შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების განცხადებული პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელზეც მთავრობა მუშაობს. ამ შემთხვევაში, ჩვენი სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, ნეტო-ექსპორტიორი და არა თუ შენელდეს მნიშვნელოვანი ძვრები, არამედ მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს, მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენ ენერგეტიკას მეტ ყურადღებას მივაქცევთ, მეტი რესურსი ექნება. ასეთი კონსოლიდირებული სამინისტროები იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ სფეროსთვის იყოს მეტი რესურსი, კოორდინაცია, რაც მოქნილობის საფუძველია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.