ნიკოლოზ სამხარაძე - ნორვეგიულ მხარეს ვთხოვეთ, იშუამდგომლონ პარტნიორებთან, რომ მადრიდის სამიტის შემდეგ საქართველოს ნატო-ში წევრობის გზაზე ხელშესახები შედეგი ჰქონდეს
ნიკოლოზ სამხარაძე - ნორვეგიულ მხარეს ვთხოვეთ, იშუამდგომლონ პარტნიორებთან, რომ მადრიდის სამიტის შემდეგ საქართველოს ნატო-ში წევრობის გზაზე ხელშესახები შედეგი ჰქონდეს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთას შეხვდა. შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსული აგრესია, შიდა პოლიტიკური საკითხები და ევროინტეგრაციის პროცესი.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობები და მისი გაღრმავების შესაძლებლობები. მათ შორის მხარეებმა ისაუბრეს რეფორმებსა და პროგრესზე, რომლებიც საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში აქვს.

„ნორვეგიულ მხარეს კითხვები ჰქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორისაა პარლამენტის ბოიკოტი, შემდგომ განვითარებული მოვლენები. მათ ამაზე მიიღეს სრულფასოვანი პასუხები. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ნატო-ში ინტეგრაციის თემა. თვის ბოლოს მადრიდის სამიტია და ნორვეგიულ მხარეს ჩვენი თხოვნა გადავეცით, რომ მათ მხარი დაუჭირონ ნატო-ს საბოლოო კომუნიკეში – ნატო-ში წევრობაზე საქართველოსთვის ძალიან მკაფიო გეგმის გაწერას. ასევე, მათ ვთხოვეთ, იშუამდგომლონ ყველა დანარჩენ პარტნიორთან, რომ ამ სამიტის შემდეგ ხელშესახები შედეგი ჰქონდეს საქართველოს ნატო-ში წევრობის გზაზე. დაგვპირდნენ, რომ ამას გააკეთებენ. ზოგადად კი, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირეს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო იყო პირველი მსხვერპლი რუსული აგრესიის და რუსული აგრესია არის ის ფენომენი, რომლის შესახებაც ყოველთვის ყველას ვაფრთხილებდით. ასევე, შევეხეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, თუმცა ამ მხრივ ნორვეგიელების ინფორმირება დიდად საჭირო არ არის, რადგან მათ ძალიან კარგად იციან ამის შესახებ და უკვე 30 წელია, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს“,- განაცხადა სამხარაძემ.