ნორვეგიის მთავრობა დედაქალაქის რეგიონში დაწესებულ ყველა დამატებით შეზღუდვას აუქმებს
ნორვეგიის მთავრობა დედაქალაქის რეგიონში დაწესებულ ყველა დამატებით შეზღუდვას აუქმებს

ნორვეგიის მთავრობა დედაქალაქის რეგიონში დაწესებულ ყველა დამატებით შეზღუდვას გააუქმებს, რომელთა დაწესების მიზანი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტის გავრცელების შეჩერება იყო. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „გარდიანი“ წერს, ახლა უკვე ადგილობრივ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს თუ არა ადგილობრივ შეზღუდვებს ძალაში. მათი გადაწყვეტილების მიხედვით, სავაჭრო ცენტრებში მდებარე არა სასურსათო მაღაზიები თუ რესტორნები შესაძლოა გაიხსნას.

ოსლოსა და მის მიმდებარე რეგიონში იანვარში კორონავირუსის უფრო გადამდები, ბრიტანული სახეობა გავრცელდა. ვირუსის ამ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, პანდემიის განმავლობაში პირველად, არა სასურსათო მაღაზიები დაიხურა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ბოლო მონაცემებით მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორებულია და შეზღუდვების ძალაში დატოვება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში, სადაც დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 66 854 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 593 პაციენტი გარდაიცვალა.