ნორვეგიაში აღმოაჩინეს ფოსფორის უზარმაზარი საბადო, რომლის მარაგი ელექტრომობილებს 50 წელი ეყოფა — #1tvმეცნიერება
ნორვეგიაში აღმოაჩინეს ძვირფასი მინერალის, სახელად ფოსფატის უზარმაზარი საბადო; ეს მინერალი აქტიურად გამოიყენება ელექტრომობილებისა და მზის პანელების წარმოებაში.
მომპოვებელი კომპანია Norge Mining-ი, რომელმაც საბადო აღმოაჩინა, აღნიშნავს, რომ ფოსფორის მარაგის რაოდენობა 70 მილიარდ ტონამდეა, რაც საკმარისია მომდევნო 50 წლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ფოსფორი ევროკავშირს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მინერალთა სიაში აქვს შეტანილი.
ამ აღმოჩენამდე, ფოსფატი ქანების უდიდეს მარაგს წარმოადგენდა მაროკოში, დასავლეთ საჰარის რეგიონში მდებარე საბადო, რომელშიც 50 მილიარდ ტონამდე ფოსფატია.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, ჩინეთს ფოსფატის 3,2 მილიარდი ტონა მარაგი აქვს, ეგვიპტეს კი 2,8 მილიარდი ტონა.
რა არის ფოსფორი
ფოსფორი არის მინერალი, რომელიც ფოსფატურ ქანებში გვხვდება.
ის ამოწურვადი რესურსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მისი სასრული მარაგი გააჩნია, რომელიც თანდათანობით ამოიწურება.
მსოფლიოში მოპოვებული ფოსფორის დაახლოებით 90 პროცენტი სოფლის მეურნეობაში, სასუქების დასამზადებლად გამოიყენება.
არსებობს შეშფოთება, რომ ამოწურვად ფოსფორზე დამოკიდებულებამ მსოფლიოში შეიძლება სურსათის დეფიციტი გამოიწვიოს.
ეკოლოგიური პრობლემები
ფოსფორის, როგორც სასუქის გარემოზე გავლენის შესახებ არსებობს შეშფოთება; წვიმის წყალს ის მდინარეებში ჩააქვს, სადაც წყალმცენარეების ზედმეტად გამრავლებას იწვევს.
ფოსფორი გადამწყვეტი ელემენტია მზის პანელების, კომპიუტერის ჩიპებისა და ლითიუმ-რკინა ფოსფატ ბატარეებში, რომლებიც ელექტრომანქანებში გამოიყენება.
მსოფლიო ეკონომიკა წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ ტონა ფოსფორს იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილები და მზის პანელები გარემოსთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, ფოსფორის დამუშავება და მისგან საჭირო მასალის მიღება ძლიერ დამაბინძურებელი პროცესია.
ნორვეგიული კომპანიის განცხადებით, გადამუშავების პროცესში ისინი გამოიყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც მინიმალურად შეამცირებს გარემოში ნახშირბადის გამოყოფას.
საბადოში ასევე მიაგნეს ვანადიუმსა და ტიტანს, რომლებსაც ევროკავშირის მიერ ასევე კრიტიკულად საჭირო ნედლეულის კლასიფიკაცია აქვს.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.