აკაკი მინაშვილი - ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივა გარკვეულწილად შიდა რეფერენდუმია, რომელიც გაძლიერებული დემოკრატიის ნიშანია
აკაკი მინაშვილი - ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივა გარკვეულწილად შიდა რეფერენდუმია, რომელიც გაძლიერებული დემოკრატიის ნიშანია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივა საინტერესო იდეაა.

ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი გამოდიან ინიციატივით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს დაემატოს კითხვა, უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი.

აკაკი მინაშვილის თქმით, ეს გარკვეულწილად შიდა რეფერენდუმია და საინტერესო აზრია.

„ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ბრიფინგს რაც შეეხება, თავისთავად ძალიან საინტერესო აზრია, როდესაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გატანა, გადაწყვეტილების მიღების საშუალება ეძლევა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს. ეს, გარკვეულწილად, შიდა რეფერენდუმია და საინტერესო იდეაა. ზოგადად, მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ მართვა უნდა განხორციელდეს ასეთი წესით, როცა მნიშვნელოვან საკითხზე თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აძლევენ ხმას და მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, მექანიზმია პროტესტის გამოსახატად, მაგრამ აქ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ რეფერენდუმზე, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო იდეაა.

ჩვენ უნდა დავამკვიდროთ მონაწილეობით მართვის მექანიზმები, პირველ რიგში, არჩევნები. ყველა დონეზე უნდა იყოს ეს წესი, როგორც რაიონული თავმჯდომარეების, პოლიტსაბჭოს წევრების, თავმჯდომარის არჩევისას, ასევე მნიშვნელოვან საკითხებზე, პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც პარტიისთვის მნიშვნელოვანია. ამ საკითხების გადაწყვეტაში ფართოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამომრჩევლებმა. გარკვეულწილად, ეს რეფერენდუმია, რომელიც გაძლიერებული დემოკრატიის ნიშანია“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.