ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლე - ის, რომ სერიალი მხატვრული ნაწარმოებია, არ ათავისუფლებს „ნეტფლიქსს“ პასუხისმგებლობისგან
ცნობილი გამოცემა Variety სტატიას აქვეყნებს კალიფორნიის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ (Netflix) შუამდგომლობა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატ Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სტატიის თანახმად, Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას ცდილობს და ამტკიცებს, რომ სერიალი მხატვრული ნამუშევარია, ხოლო აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კინოხელოვანებს ფართო მხატვრულ უფლებებს ანიჭებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაწარმოების შექმნისას ჭადრაკის ორ ექსპერტს ეყრდნობოდნენ და სერიალის შემქმნელებს არ სურდათ ნონა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა. Netflix-ის დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სერიალში მოსარჩლის ხსენება მიზნად ისახავდა მის აღიარებას და არა დამცირებას.
თუმცა, ხუთშაბათს გამოტანილ დადგენილებაში, მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი არ დაეთანხმა კომპანიის შუამდგომლობას და დამაჯერებლად მიიჩნია ნონა გაფრინდაშვილის არგუმენტი ცილისწამების შესახებ. ფილიპსმა ასევე აღნიშნა, რომ მხატვრული ნამუშევრები არ არის დაცული ცილისწამების შესახებ სარჩელებისგან, თუ ისინი რეალურ პიროვნებებს ამცირებს.
„ფაქტი, რომ სერიალი მხატვრული ნაწარმოებია, არ ათავისუფლებს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან, თუ წარმოდგენილია ცილისწამების ყველა ელემენტი“, – აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.
თავის დადგენილებაში მოსამართლე ფილიპსი ხაზს უსვამს, რომ სერიალის თემა უკავშირდება გენდერული ბარიერების გადალახვას. თუმცა, მისი თქმით, ეს შოუ შეიძლება განხილული იყოს, როგორც გამოგონილი პერსონაჟის მიღწევების გაძლიერება რეალური პიროვნების – ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების უგულებელყოფის ხარჯზე. მოსამართლის აზრით, სერიალის ნახვის შემდეგ, მაყურებელს შესაძლოა, დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან.
როგორც Variety წერს, Netflix-ს სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საქმის მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსმა შუალედური გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღო.
ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“. როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, „ნეტფლიქსის“ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.
სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა; რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს და სადავო სცენის შესწორებას ითხოვენ.
ამასთან, ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელის შესახებ „ბიბისიმაც“ დაწერა. მედიასაშუალების ცნობით, „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.