საფეხბურთო ტაიმაუტი | ნონა გაფრინდაშვილი - შეუძლებელია, რამაზ სვანაძისადმი პატივისცემა არ გაგიჩნდეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ნონა გაფრინდაშვილი - შეუძლებელია, რამაზ სვანაძისადმი პატივისცემა არ გაგიჩნდეს #1TVSPORT

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წლის ბოლო გადაცემაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა.

„მგონია, რომ ვილი სანიოლმა გუნდში ვითარება დაალაგა. მან ბევრ ფეხბურთელს მისცა შანსი. ძალიან მაგარი მწვრთნელი იყოო მაშინ ვიტყვით, თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ეს ადვილი საქმე არ იქნება, მაგრამ ყველაფერი ხდება.

ისე, ვინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საკითხავი გახდებოდა, ლუქსემბურგს მოვუგებთ თუ არა. რაც ვიცი, ამ გუნდის ფეხბურთელთა 70 პროცენტი ნატურალიზებულია. გამოდის, ფული აქვთ, გუნდი შეუკრავთ. მთავარია, სწორი ტაქტიკა შეარჩიო და შენი მომენტები გამოიყენო, თამაშისთვის კი სწორად მოემზადო.

ახალგაზრდული ნაკრები ამის მაგალითია. შეუძლებელია, მათი მწვრთნელის, რამაზ სვანაძისადმი პატივისცემა არ გაგიჩნდეს. გუნდს დაცვიდან ათამაშებდა, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად გადადიოდა. შესანიშნავად გამოვიდნენ.

ნიჭიერი  ახალგაზრდები გამოჩნდნენ და მგონია, კარგი თაობა მოდის. ჩვენ გვინდა, რომ წარმატებას სწრაფად უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ამას დრო უნდა. ვფიქრობ, ლუქსემბურგს უნდა ვძლიოთ, ამის დიდი იმედი მაქვს.

გული მწყდება. ჩაკვეტაძე ბოლო დროს ბევრს იბრძვის, მაგრამ ჯერ ის ჩაკვეტაძე არ არის, რომელიც გვახსოვს. არადა, რა გემრიელად ატყუებდა და საჯარიმოში როგორ შედიოდა. აი, რას ნიშნავს სერიოზული ტრავმა. მე მგონია, აქ საქმე ფსიქოლოგიასთანაც გვაქვს, მაგრამ იმედია, ძველ ფორმას დაუბრუნდება“, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.