ნონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია, დიახ, ვარ ქართველი, მთელი კარიერის განმავლობაში ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე, სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე.
მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.
გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.
მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.
დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის განმავლობაში მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.
უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.
ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი“, – აღნიშნულია მიმართვაში.
„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს პირველი შუალედური გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქმის მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსმა შუალედური გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღო.
ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“. როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, „ნეტფლიქსის“ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.
სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა“ განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს და სადავო სცენის შესწორებას ითხოვენ.
ამასთან, ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელის შესახებ „ბიბისიმაც“ დაწერა. მედიასაშუალების ცნობით, „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.