დღეს, 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული სიკვდილიდან 10 წელი გავიდა.
2010 წელს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ვანკუვერის ქართული დიასპორა ქალაქის ერთ-ერთ პარკში ქუმარიტაშვილის მემორიალური სკამის დადგმას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის მერიისგან ნებართვა უკვე აღებულია.