ძალიან ინტენსიურად ეძებდნენ საბაბს, რომ მიეღოთ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა ამ საბაბის მოძებნა გაუჭირდათ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა,
როგორც მელაძე ამბობს, სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო „კურიერის“ რეიტინგები ისტორიულ პიკზე.
„1 თვე და 2 დღე მოვახერხეთ და პირადად მე შევძელი, შემენარჩუნებინა „კურიერი“ ისევ ისეთი, როგორიც იყო. 2 წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად და არასრული 6 წელი „რუსთავი 2“-ში, ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს სატელევიზიო კარიერაში. მაშინ, როდესაც ვხელმძღვანელობდი „კურიერს“, ძალიან მიმძიმს ახლა „კურიერზე“ წარსულ დროში საუბარი, რადგან ბოლო 2 წელი და რამდენიმე თვე მთელი ჩემი ენერგია, მთელი ჩემი დრო ჩავდე იმაში, რომ „კურიერი“ ყოფილიყო ისეთი როგორიც არის – ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება საქართველოში, სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო „კურიერის“ ისტორიული პიკური რეიტინგები. ჩვენ ვქმნიდით პროდუქტს, რომელიც საზოგადოების მოწონებას და ნდობას იმსახურებდა“, – განაცხადა მელაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.
„პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული ამ სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი ეძებდნენ საბაბს ძალიან ინტენსიურად, რომ მიეღოთ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა“, – აღნიშნა მელაძემ.
ამასთან, როგორც მელაძემ განაცხადა, დაახლოებით ორი კვირის წინ მასთან შეხვედრა ჰქონდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს.
„ორი კვირის წინ, ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ორ კვირაში, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა და ამის შესახებ „კურიერის“ ნიუსრუმის ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე. მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ „რუსთავი 2“-სგან „იმედის“ გაკეთება და კრიტიკის რაღაც დოზა „კურიერში“ დარჩება, მე არ შემეხებოდნენ და დავრჩებოდი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი. იქნებოდა ადამიანი, ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას, იქნებოდა ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციებისა და ამ ადამიანის მიხედვით უნდა დამეგეგმა“, – აღნიშნა მელაძემ.
მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა გამოშვებასა და რეპორტაჟზე.
„აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი იქნებოდა, თუ დავთანხმდებოდი ამ წინადადებას. დაარქმევდნენ, რომ მე ისევ ვარ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე, არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა ჩამოიწეოდა, ციტირებას ვახდენ – ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი. მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა, გარკვეული ჩინოვნიკების თანხების დატაცებასთან დაკავშირებით და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკაშირებული რეპორტაჟების მომზადება, რადგან იგი თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით“, – განაცხადა მელაძემ და აღნიშნა, რომ ამ წინადადებაზე მან უარი განაცხადა.
როგორც მელაძემ აღნიშნა, მედიასივრცე, რომელშიც იმუშავებს, ხელისუფლების მიმართ ყოველთვის კრიტიკული იქნება.
„ჩემს ცხოვრებაში მქონია პერიოდი, როდესაც მიმუშავია სახელისუფლებო ტელევიზიაში და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს. ტელევიზია და მედია, სადაც ვიმუშავებ, ყოველთვის იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული“, – აღნიშნა მელაძემ.
მისი თქმით, გარიგებაზე უარის თქმის შემდეგ ზეწოლა დაიწყო და ხელფასი გაუყინეს.
„ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლის ტალღა უშუალოდ ქიბარ ხალვაშის მხრიდან, რაც მე არაფორმალურ გარიგებაზე ვუთხარი უარი. პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება და მან ქიბარ ხალვაშის დავალებით, თავად თქვა, გაყინა ჩემი ხელფასი. ივნისის ხელფასიც არ მაქვს მიღებული. რამდენიმე ელექტრონული შეტყობინება გავგზავნე, როგორც პაატა სალიას, ასევე ტელევიზიის HR განყოფილებასთან და ვიღებდი პასუხებს, რომ რაღაც არხზე ფინანსური პრობლემა იყო და მივიღებდი დღეს, ხვალ და ა. შ. ორი კვირის წინ პაატა სალიამ მითხრა, კაცურად მისთვის ორი დღე მიმეცა და ამ პრობლემას მოაგვარებდა. რა თქმა უნდა, იცრუა. ამის შემდეგ გავიდა 10 დღე და მიიღო გადაწყვეტილება ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მელაძემ.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გათავისუფლების მოტივზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მიზეზად მის მიერ 2016 წელს მიღებული ბონუსი დასახელდა.
„რაც შეეხება მოტივს, რომელიც სალიამ დაასახელა, ის ამბობს, რომ ვარ ბმაში ნიკა გვარამიასთან, რადგან 2016 წელს, როდესაც ვმუშაობდი პოლიტიკური პროგრამების მთავარ პროდიუსერად, მიღებული მაქვს წლიური ბონუსი ნიკა გვარამიასგან. კერძო კომპანია თავის თანამშრომელს, რომელიც ქმნის ძალიან მაღალ რეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს, რომლის ერთ წუთსაც ტელევიზია ყიდის 15 ათას დოლარად, ბონუსს გამოუწერს ან არ გამოუწერს. დღეს მითხრა პაატა სალიამ, რომ 2016 წლის აღებული ბონუსი არის ჩემი გათავისუფლების მიზეზი სამსახურიდან, რაც არის ბოდვა. ეს იყო იმ მიზეზთაგან, რომლის ძებნასაც ცდილობდნენ, რომ ჯერ შეექმნათ ჩემგან ფასადური წარმომადგენელი, ვითომ იგივე ადამიანი დარჩა და მე დავიწყებდი „ცენზურას“. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ გავაკეთებ ამ ამბავს, მერე უკვე იყო ზეწოლა ხელფასის მოტივით, რომ ნერვები მიმტყუნებდა ან დავთანხმდებოდი მათ ფინანსურ წნეხს და ვიტყოდი, რომ ოღონდ ხელფასი გადამიხადეთ და ამიტომ შემოვალ თქვენთან თანამშრომლობაში. მე ვიყავი ძალიან მშვიდად და ვაგრძელებდი მუშაობს მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურების გადახდა არ ხდებოდა“ – განაცხადა მელაძემ.
ამასთან, ნოდარ მელაძე სამართლებრივ დავას აპირებს და აცხადებს, რომ მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაიცავს.
„უკვე მქონდა კომუნიკაცია ეკა გიგაურთან, რამდენიმე საათში შევხვდები, გადავცემ ეკას და მის იურისტებს ქონტრაქტს, რომელიც აქვს გაფორმებული „რუსთავი 2“-ს მყარი გარანტიებით ჩემთან“, – აღნიშნა მელაძემ.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, სად განაგრძობს მუშაობას.
„ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება, სად გავაგრძელებ მუშაობას, რადგან საუბარი არის მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი ტელევიზიიდანაც შემოთავაზებაზე, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებიდან. ჯერ არ მაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რადგან უნდა დავფიქრდე. ერთ კვირაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება – ველოდები შვილებს და ერთი კვირის შემდეგ გადავწყვეტ, სად წავიდე“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
პაატა სალიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-დან რამდენიმე თანამშრომელი თავისუფლდება, მათ შორის ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია.