ნოდარ ხარშილაძე - „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, არჩევნებზე დიდი შანსი ექნებოდა, დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს
„ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, არჩევნებზე დიდი შანსი ექნებოდა, დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ხარშილაძის თქმით, „ოპოზიციის დაქუცმაცებით „ქართული ოცნება“ დაკარგულ ხმებს მიიღებს“.
„პირველი არჩევნებია, სადაც ახალი სახეები არ ეყოლება „ქართულ ოცნებას“. 2016 წელს კვირიკაშვილით წავიდნენ არჩევნებზე და ამან იმუშავა. 2020 წლის არჩევნებზე იყო გახარია, სადაც თვალის ჩაკვრამ იმუშავა. 2024 წლის არჩევნები პირველია, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ახალი სახე, დაძველებული სახეები ჰყავს, ერთი ირაკლი შეცვალეს მეორით. ჩემი აზრით, გაზარმაცდნენ ან მოეშალათ რაღაცები. ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსები ექნებოდა. ხუთპროცენტიანი ბარიერი ცუდი გადასალახია. შანსები აქვს ორი ნიკას გაერთიანებას, გახარიას, „ლელოს“, მაგრამ ასე დაქუცმაცებით „ქართულ ოცნებას“, ერთადერთი, მათემატიკური შანსი აქვს, რომ დაკარგული ხმები დაიმატოს. ოპოზიციის დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ. ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის ასეთი დაქუცმაცებით, შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“, – აღნიშნა ხარშილაძემ.
ამასთან, ხარშილაძემ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან – მსუბუქი და „ხალხის ძალის“ მხრიდან მამაპაპური ანტიდასავლური კამპანია იქნება ამოქმედებული“.
მისივე თქმით, ოპოზიციას უფრო ეფექტური საარჩევნო კამპანია აქვს.
„საარჩევნო ტექნოლოგიებში წარმატებული „ქეისია“ იგივე ვიქტორ ორბანის მაგალითი და თუ დააკვირდებით, იმავე გზას გადიან. მათი პოლიტიკური იდენტიფიცირების შეცვლა ხდება. არ შეიძლება, ზახაროვას მოსწონდე და სოლოვიოვი გაქებდეს. ჩემი აზრით, ეს სჭირდებათ რუსეთთან ურთიერთობისთვის, რადგან ახლა მათთვის რუსეთს დიდი ფული მოაქვს. ხომ ნახეთ, რომ უცებ გაგვისამმაგდა ყირგიზეთთან ვაჭრობა, „ბორჯომს“ ყიდულობენ ყუთებით თუ რა ხდება? ეჭვი მაქვს, ამაზე მალე დაიჭერენ, უბრალოდ, ვერ მოიცალეს. არჩევნების მოსაგებად ისინი აირჩევენ კომიკურად არაჯანსაღ მემარჯვენე რიტორიკას, ეს იქნება მძიმე რელიგიური ელემენტების გამოყენებით. საკმაოდ ეფექტური კამპანიაა მეორე მხარეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფასების კამპანია რომ დაიწყო, ეს ბევრად აინტერესებს ხალხს. ეს ყველაფერი მუშაობს. „ქართული ოცნება“ თუ აპირებს, ხალხს ლგბტ თემაზე ელაპარაკოს, ჩემი აზრით, ეს სახადი უკვე მოვიხადეთ. ამით ამომრჩევლებს ვერ მოიზიდავენ“, – განაცხადა ხარშილაძემ.