ნოდარ ხარშილაძე - მჯერა, საზოგადოების დიდ ნაწილს და პოლიტიკაში ყველას ამ ქვეყნისთვის კარგი გვინდა, უბრალოდ, აქეთ მისასვლელად განსხვავებული გზები გვაქვს, მიზანი ხომ ყველასთვის ერთია, ამის გარშემო გვინდა, გავაერთიანოთ ადამიანები
ნოდარ ხარშილაძე - მჯერა, საზოგადოების დიდ ნაწილს და პოლიტიკაში ყველას ამ ქვეყნისთვის კარგი გვინდა, უბრალოდ, აქეთ მისასვლელად განსხვავებული გზები გვაქვს, მიზანი ხომ ყველასთვის ერთია, ამის გარშემო გვინდა, გავაერთიანოთ ადამიანები

მყარად მჯერა, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს და პოლიტიკაში ყველას ამ ქვეყნისთვის კარგი გვინდა, უბრალოდ, აქეთ მისასვლელად განსხვავებული გზები გვაქვს, – ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს მისასვლელი ადგილი, მიზანი ხომ ყველასთვის ერთია?! ეს არის კეთილდღეობა, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და სხვა. აი, ამის გარშემო გვინდა, გავაერთიანოთ ადამიანები და ყველას აზრი გვინდა, გავითვალისწინოთ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის წმინდა აკადემიური ფორმატი“, – განაცხადა ხარშილაძემ.

ამ განცხადებით ნოდარ ხარშილაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ რაში მდგომარეობს ეროვნული თანხმობის პლატფორმის ჩამოყალიბების იდეა და როგორ წარმოუდგენია ამ პლატფორმის განვითარება.

მისი თქმით, პლატფორმის პრეზენტაცია დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

„რეგიონებში რამდენიმე უნივერსიტეტში იყო შეხვედრა და იქიდან ძალიან დადებითი მუხტით წამოვედით. ადგილზე არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული შესაძლებლობები უნდა შევუქმნათ, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ყველაფერში და მათ საკმაოდ კარგადაც აქვთ ჩამოყალიბებული თავიანთი ხედვები. ასე რომ, რეგიონებთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ და თბილისში უკვე ვგეგმავთ პირველ შეხვედრას ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან გვინდა, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან. როგორც წესი, რა თქმა უნდა, აზრის გათვალისწინების დროს მნიშვნელოვანია გამოცდილება, ექსპერტიზა და ცოდნა, მაგრამ ახალგაზრდებს ხანდახან ძალიან უნიკალური და საინტერესო ხედვები აქვთ რაღაც საკითხებში. ამიტომ, ჩვენ გვინდა, მათაც მივცეთ საშუალება, თავიანთი აზრი გამოთქვან, რას ფიქრობენ, როგორი გზით უნდა მივიდეთ ევროკავშირამდე, როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა და ა.შ. საბოლოო პროდუქტი ის იქნება, რომ ჩვენ შევქმნით საერთო ეროვნულ კონსენსუსზე დაფუძნებულ ხედვას აკადემიურ ფორმატში, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა“, – განაცხადა ხარშილაძემ.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ ეს ხედვა მიეწოდება, პირველ რიგში, ფართო საზოგადოებას და ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, როგორც ოპოზიციურ, ასევე სამთავრობო ფლანგს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ეს გამოიყენონ, როგორც საერთო დოკუმენტი.

მისივე თქმით, ქვეყანას ახალი შესაძლებლობების ფანჯრები ეხსნება და მათი გამოყენება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

„ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დინამიკური და სწრაფი გადაწყვეტილებები. ახლა გვჭირდება ახალი ხედვა ბევრ რამეში, თუმცა ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული და ამასთან ერთად გვჭირდება პრობლემებიდან გამოსავლების პოვნა. ეს გამოსავლები უნდა იყოს დაფუძნებული იმაზე, რომ რაც შეიძლება, მეტი აზრი გავითვალისწინოთ. თუ ჩვენ ეს კულტურა დავნერგეთ, ეს მერე მიგვიყვანს იქამდე, რომ როდესმე იმის ძალაც მოგვეცემა, ავიღოთ და წარსულის წიგნიც გადავშალოთ, მაგრამ დღეს შევეცადეთ, შედარებით უფრო საჭირო თემით დაგვეწყო, რომელზეც უფრო ადვილი იქნებოდა საუბარი“, – განაცხადა ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პოლარიზაცია იგივე არ არის, რაც აშშ-სთვის, ჩვენ ქვეყანაში პოლარიზაციას ბევრად უფრო დიდი ნგრევა მოაქვს, ვიდრე გაცილებით მტკიცე ინსტიტუტების მქონე ქვეყნებში და ამიტომ ის უნდა დასრულდეს.