ნოდარ ჭიჭინაძე - საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის შედეგად ძალიან კარგი დასკვნები დაიწერა, დარღვევა პრაქტიკულად არ გამოვლენილა
საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის შედეგად ძალიან კარგი დასკვნები დაიწერა, დარღვევა პრაქტიკულად არ გამოვლენილა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურმა დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა.
„კანონით დადგენილი პროცედურებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველწლიურად მოწმდება გარე აუდიტის მიერ. შესაბამისად, სამერვეო საბჭოს მიერ წელსაც იქნა გამოვლენილი საერთაშორისოდ აღიარებული კომპანია, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აუდიტი ჩაუტარა. პროცესი მოიცავდა ფინანსური ანგარიშგებების, შესყიდვებისა და საგადასახადო აუდიტს. შეიძლება, ითქვას, რომ სამივე მიმართულებით ძალიან წარმატებული და კარგი დასკვნები დაიწერა, რაშიც პირველ რიგში თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ბუღალტრებსა და შესყიდვების სამსახურს მიუძღვით ძალიან დიდი წვლილი. პრაქტიკულად, დარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა და დადებითი დასკვნაა. მაუწყებლის ანგარიშს აუდიტის დასკვნებთან ერთად განიხილავს პარლამენტი სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად. ამით ფასდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა, რომელიც შემდეგ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების დასკვნაზე მუშაობა დაასრულა. პროცესი მოიცავდა ფინანსური ანგარიშგებების, შესყიდვებისა და საგადასახადო აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ სამივე მიმართულებით დადებითი დასკვნა მოამზადა. დარღვევა არც ერთი მიმართულებით არ გამოვლენილა. კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის დასკვნები პარლამენტს ეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად განიხილავს.