ნიუ იორკში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი, 27 წლის აკაიედ ულა საუბრობს, თუ რამ უბიძგა ტერაქტის მოწყობისკენ. ამის შესახებ The New York Post-ი წერს.
ულას განცხადებით, აფეთქების მოწყობა მან შეტაკებების დროს დაღუპული პალესტინის ოთხი მოქალაქის გამო შურის საძიებლად გადაწყვიტა, ეს არეულობა კი იერუსალიმის სტატუსის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
ასევე, ირკვევა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად აკაიედ ულამ მძიმე დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თქვა, რომ ტერაქტის მოწყობის შთაგონება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებიდან მიიღო.
აფეთქების შედეგად, თავდამსხმელის გარდა, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
მანჰეტენზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა. დანაშაულისთვის დაკავებული ბანგლადეშის მოქალაქეა, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მას სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული.
აფეთქება 42-ე ქუჩისა და მერვე ავენიუს კვეთაზე, ტაიმს სქვერის მახლობლად, ავტობუსების სადგურში მოხდა.