მანჰეტენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ნათესავები გამოძიებას სიმართლის დადგენას სთხოვენ
მანჰეტენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ნათესავები გამოძიებას სიმართლის დადგენას სთხოვენ

ნიუ იორკში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ნათესავები გამოძიებას მომხდარზე სრული სიმართლის დადგენას სთხოვენ. წარმოშობით ბანგლადეშელი, 27 წლის აკაიედ ულას ახლობლები ძალოვანებს განცხადებით მიმართავენ.

„ჩვენ შეძრულები ვართ, თუ რა სისასტიკით მოეპყრნენ დღეს ჩვენს ქალაქს და იმით, თუ რა ბრალდებებიც წაუყენეს ჩვენი ოჯახის წევრს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ჭეშმარიტებას დაადგენს და ჩვენ გავიგებთ, სინამდვილეში რა მოხდა ამ ინციდენტის დროს“, – ნათქვამია აკაიედ ულას ნათესავების განცხადებაში.

ულას განცხადებით, აფეთქების მოწყობა მან შეტაკებების დროს დაღუპული პალესტინის ოთხი მოქალაქის გამო შურის საძიებლად გადაწყვიტა, ეს არეულობა კი იერუსალიმის სტატუსის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამის შესახებ The New York Post-ი წერს.

ტელეკომპანია ABC-ის ცნობით კი, აფეთქების შედეგად, აკაიედ ულამ მძიმე დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თქვა, რომ ტერაქტის მოწყობის შთაგონება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებიდან მიიღო.

The New York Times-ის მიხედვით კი, აკაიედ ულაზე გავლენა ბერლინში 2016 წელს საშობაო ბაზრობაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილმა თავდასხმამ მოახდინა. გამოცემის ინფორმაციით, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებს ეყრდნობა, ულამ აფეთქებისთვის ადგილი სწორედ ამ ნიშნით შეარჩია – ტერიტორია, რომელიც საშობაოდ იყო მორთული.

აფეთქების შედეგად, თავდამსხმელის გარდა, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

მანჰეტენზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა. დანაშაულისთვის დაკავებული ბანგლადეშის მოქალაქეა, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მას სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული.

აფეთქება 42-ე ქუჩისა და მერვე ავენიუს კვეთაზე, ტაიმს სქვერის მახლობლად, ავტობუსების სადგურში მოხდა.