„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელმა დააფინანსა კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ამერიკელ კანონმდებლებს შორის და ამერიკულ საზოგადოებაში პროისრაელური გზავნილები უნდა გავრცელებულიყო
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელმა დააფინანსა კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ამერიკელ კანონმდებლებს შორის და ამერიკულ საზოგადოებაში პროისრაელური გზავნილები უნდა გავრცელებულიყო

ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამერიკელ კანონმდებლებს შორის და ამერიკულ საზოგადოებაში პროისრაელური გზავნილები უნდა გავრცელებულიყო. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კამპანიის მიზანი იყო ღაზაში ისრაელის ქმედებებისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მედიის ცნობით, ფარული კამპანია ისრაელის დიასპორის საკითხთა სამინისტრომ დაუკვეთა. ოპერაციის განსახორციელებლად 2 მილიონი დოლარი გამოიყო და მისი განხორციელება თელ ავივში მდებარე პოლიტიკური მარკეტინგის ფირმა Stoic-ს დაევალა.

ამასთან, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, კამპანია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს X-ის პლატფორმაზე. კამპანიის პიკზე ათასობით ყალბი ანგარიშის შემქმნელები X-ზე ამერიკელებად ასაღებდნენ თავს, მათ სამიზნეებს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰაკიმ ჯეფრისი და ჯორჯიის შტატის სენატორი რაფაელ უორნოკი. X-ის ყალბი მომხმარებლები მოუწოდებდნენ მათ, გააგრძელონ ისრაელის ჯარის დაფინანსება.

X-პოსტების უმრავლესობის დასაწერად ჩატბოტი ChatGPT გამოიყენებოდა. კამპანიის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი ყალბი ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტო, რომლებიც პროისრაელურ სტატიებს აქვეყნებდნენ.