ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა. მათ შორის შვიდი შშმ პირია.
ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის საკითხზე დღის ბოლოს განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო ცენტრის ბავშვთა ზრუნვის განყოფილების უფროსმა გვანცა ღონღაძემ, რომელიც პანსიონი იმყოფება.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო სპეციალისტთა ჯგუფი უკვე სამი დღეა, იმყოფება ნინოწმინდის პანსიონი და სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას, აფასებენ ბავშვების მდგომარეობას, მათ განვითარებას, ფსიქოემოციური განვითარების თავისებურებებს.
„ამ ეტაპზე პანსიონიდან გასულია 20 არასრულწლოვანი. მათ შორის არის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე არასრულწლოვანი. ბავშვები გადანაწილებულები არიან სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ სერვისებში. ესენია მცირე საოჯახო ტიპის სახლი, მინდობითი აღზრდა. ზოგიერთი არასრულწლოვანი ამ ეტაპზე განთავსებულია ბიოლოგიურ ოჯახში.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო 4 ივნისის ფაქტებს, საზოგადოებაში გავრცელებულ ნეგატიურ დამოკიდებულებებს და მინდა, აღვნიშნო, რომ სოციალური მუშაკები ყველა სიტუაციაში ინდივიდუალურად მოქმედებენ. ისევე, როგორც ყველა სხვა, ეს კონკრეტული შემთხვევაც იყო ამის დამადასტურებელი“, – განაცხადა გვანცა ღონღაძემ.
მისი თქმით, სოციალური მუშაკები ადგილზე სწავლობდნენ, აფასებდნენ გარემოებებს და მათი შედარებით პასიურ როლში ყოფნა ემსახურებოდა ბავშვებისთვის მეტი ზიანის არიდების მიზანს, მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
„ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ სოციალური მუშაკები ნინოწმინდის პანსიონში რჩებიან, კვლავ რამდენი დღეც საჭირო იქნება, იმდენი დღით. 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან პანსიონატში. სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებულია და კვლავ გრძელდება მუშაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მუშაობა და ეტაპობრივად გაცნობებთ“, – განაცხადა გვანცა ღონღაძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა არასრულწლოვნებმა კიდევ დატოვონ პანსიონატი, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა პანსიონში დარჩენილ 33 ბავშვთან დაკავშირებით, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონეა.
საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.
ამასთან, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.
ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.