ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაშლას ითხოვს
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, რომ პირველი არხის თანამშრომლების ნაწილისთვის ხელშეკრულების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.
როგორც ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
„საქართველოს პარლამენტს მოვთხოვთ, ჩვენთან ერთად გაიაროს სამეურვეო საბჭოს დათხოვნის საკითხი. სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. ის გენერალურ დირექტორზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება კი არ არის, არამედ პირიქით ხდება ყველაფერი. ერთმნიშვნელოვნად ყველაფერზე აწერენ ხელს. არც ერთი ადამიანი არ გამოირჩევა პრინციპულობით”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
მისვიე თქმით, დღეს 58 ადამიანს უნდა მისვლოდა ბრძანება გათავისუფლების შესახებ.
„თუ ამ ადამიანებს მოუვათ გათავისუფლების ბრძანება, რა თქმა უნდა, საქმე უპირობოდ გადავა სასამართლოში. ჯერ ეს სახეზე არ არის, დაგვპირდნენ, რომ დღეს გვეცოდინებოდა ეს ინფორმაცია”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ამასთან, ზაუტაშვილმა მიმართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ჩაერთონ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში.
რაც შეეხება მაუწყებლის პროფკავშირების გუშინდელ მოთხოვნას, გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე, ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ამ მოთხოვნას ჯერ არ აყენებენ.
„როგორც კი ჩაერევა პროცესში ყველა ინსტანცია და გაირკვევა, ვისი ბრალეულობით მოხდა ეს ყველაფერი, ასევე, თუ ეს პროცესები არ შეჩერდება, მაშინ ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩება, წავალთ მოთხოვნაზე, გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე. ოფიციალურად ეს მოთხოვნა არ დაგვიყენებია, ჩვენ ჯერ სამუშაო პროცესში ვართ”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს შრომითი ხელშეკრულების პირობების ცვლილება შესთავაზა. პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ მაუწყებლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა შესთავაზეს, ორგანიზაცია სამართლებრივი პროცედურით მოქმედებს. მისივე თქმით, თუ აღნიშნული თანამშრომლები შეთავაზებას არ დათანხმდებიან ან მაუწყებელს პასუხს არ შეატყობინებენ, კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასს მიიღებენ.