გიორგი გვიმრაძე - მაუწყებლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც ხელშეკრულების პირობების შეცვლა შევთავაზეთ, კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ
გიორგი გვიმრაძე - მაუწყებლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც ხელშეკრულების პირობების შეცვლა შევთავაზეთ, კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ მაუწყებლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა შესთავაზეს, ორგანიზაცია სამართლებრივი პროცედურით მოქმედებს.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული თანამშრომლები შეთავაზებას არ დათანხმდებიან ან მაუწყებელს პასუხს არ შეატყობინებენ, კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასს მიიღებენ.

„ის, რაც დღეს პირობითად შეიძლება მოხდეს ამ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომლებმაც მიიღეს რამდენიმე დღის წინ შეთავაზება, ეს არის სამართლებრივი პროცედურა, ამას ითვალისწინებს კანონი. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ცხადია, თუ ადამიანები არ დათანხმდებიან ან საერთოდ არ გაგვაგებინებენ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება მიიღეს, ამის შემდეგ ამოქმედდება ის წესი, რაც მათთვის ცნობილია, იმავე შეთავაზებაში არის ეს წესი განსაზღვრული და ისინი ცხადია, მიიღებენ ორთვიან კომპენსაციას, რადგან ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ორგანიზაცია წყვეტს მათთან კონტრაქტს“, – აცხადებს გიორგი გვიმრაძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება მაუწყებლის აღნიშნული თანამშრომლების შემდგომ მოქმედებებს, მათ სრული უფლება აქვთ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ, მათ შორის გამართონ აქციები ან მიმართონ სასამართლოს.

„ამ ორგანიზაციის წინ არაერთი აქცია გამართულა. დღესაც გაიმართა გარკვეული აქციები და ამის უფლება აქვს ყველას, რომ კანონის ფარგლებში გამართოს აქცია. მათ შორის, თუ ისინი მიმართავენ სასამართლოს, ეს არის მათი სამართლებრივი უფლება და ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენს პოზიციას. რაც შეეხება იმას, ვიცოდით თუ არა და იცოდა თუ არა მენეჯმენტმა თანამშრომელთა შესახებ, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ, ცხადია, ჩვენ თითოეული ეს საკითხი გავიარეთ, თითოეული გვარი გავიარეთ ინდივიდუალურ რეჟიმში და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან აღნიშნულ თანამშრომლებს შესთავაზეს შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა, ამ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილება არ იყო საჭირო.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც პროფკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ უნდა მისვლოდათ გარკვეული გაფრთხილება და ა.შ. ეს არ არის გათავისუფლება, ეს არ არის დისციპლინური ღონისძიება, შესაბამისად, აქ გაფრთხილებაზე ვერ ვისაუბრებთ. ვერ იქნებოდა ასე. ეს არის ახალი შეთავაზება სხვა ტიპის თანამშრომლობის შესახებ და შესაბამისად, ვერ იქნება საუბარი იმაზე, რომ მათ ან გაფრთხილება უნდა მიეღოთ და ა.შ. მაშინ მივეცით მათ ამგვარი შეთავაზება, რასაც ითვალისწინებდა კანონი, რა ვადასაც ითვალისწინებდა კანონი და როგორც ითვალისწინებდა. ცხადია, ამის შემდეგაც მოვიქცევით კანონის ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.