ნინო ყოჩიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში პროფესიული განათლებისადმი ინტერესი იზრდება, რადგან ყველაზე პრაქტიკული ცოდნის მიმცემ საფეხურადაა აღქმული
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი იზრდება, რადგან პროფესიული განათლება ყველაზე პრაქტიკული, პრაგმატული ცოდნის მიმცემ საფეხურადაა აღქმული, რომელიც ადამიანს უფრო ადვილად დასაქმების საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ყოჩიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში პროფესიული განათლებით დაინტერესება ძალიან მაღალია და სკოლადამთავრებულთა 85% პროფესიულ სასწავლებლებში მიდის“, – განაცხადა ყოჩიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის ანალოგიური მდგომარეობა საქართველოში, ნინო ყოჩიშვილმა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად, ადამიანს თვითონ კანონი არ აძლევდა საშუალებას, პროფესიული განათლების მიღებაზე ეფიქრა.
„ცვლილებებით შედეგს მივიღებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დღესდღეობით, ზრდასრულების წარმოსახვაში პროფესიული განათლება პრესტიჟული არ არის და იმისათვის, რომ ადამიანი პროფესიულ განათლებაში წავიდეს, საზოგადოებაში პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. თუმცა, როცა ახალგაზრდები ხედავენ, რომ ადამიანები საქმდებიან, ტენდენცია იცვლება და პროფესიული განათლების მიმართ უფრო და უფრო მეტი დაინტერესება ჩნდება, რაც პოზიტიურია“, – განაცხადა ყოჩიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ვაკანსიების გამოცხადებისას თითქმის ყველა დამსაქმებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს ითხოვს, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრლად, ნინო ყოჩიშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად დამსაქმებელს არ ესმის, რომ მას პროფესიული უნარების მქონე ადამიანი სჭირდება და არა უმაღლესი განათლების მქონე, რადგან მთელი რიგი პროფესიებისთვის პროფესიული უნარებია აუცილებელი.
„მეორე საკითხია ის, რომ კერძო სექტორისთვის ცნობილი არ არის პორტალი, სადაც შეიძლება, საჭირო კადრი იპოვო. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო პროგრამას, დასაქმების ხელშეწყობის სერვისების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც შექმნილია პორტალი worknet.gov.ge, სადაც დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ“, – განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა.