ნინო წილოსანი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული აქციის ლიდერების განცხადება, რომ ეროვნული დღესასწაული გადაიქცეს საპროტესტო აქციად, გაუმართლებელი და ანტისახელმწიფოებრივია
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული აქციის ლიდერების განცხადება, რომ 26 მაისი, ნამდვილად ეროვნული დღესასწაული გადაიქცეს საპროტესტო აქციად, გაუმართლებელია და ვფიქრობ, გარკვეულწილად ანტისახელმწიფოებრივი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, აქციის მონაწილეების განცხადება ეწინააღმდეგება მათ განცხადებულ სულისკვეთებას, რომელზეც ისინი აპელირებენ.
„ამ აქციის მონაწილეებს ყველა სახელმწიფო წარმომადგენელმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა დიალოგის რეჟიმში ჩართვა. ის პროტესტის ფორმა, რომელსაც ისინი იყენებენ, იმ პირობებში, როდესაც ყველა მზად ვართ მათთან დიალოგისთვის, თავად სახელმწიფოს აქვს გამოცხადებული მორატორიუმი „ნამხვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ცხრა თვის მანძილზე. სრულიად არაადეკვატურად მეჩვენება და გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს რისთვის არის ეს ყველაფერი მიმართული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გუშინ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამასთან, ისინი დღეს 16:00 საათზე გააცხადებენ, რა მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას.