ვარლამ გოლეთიანი - 16:00 საათზე გავაჟღერებთ, რა მიმართულებით დავიწყებთ მსვლელობას, პროცესი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ძირითადი მოთხოვნები
ვარლამ გოლეთიანი - 16:00 საათზე გავაჟღერებთ, რა მიმართულებით დავიწყებთ მსვლელობას, პროცესი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ძირითადი მოთხოვნები

ულტიმატუმის ენით რომ გვესაუბრა, პროცესი აქამდე არ მივიდოდა, ამოწურეს ყველანაირი სივრცე დიალოგის, მიგვიყვანეს ამ მდგომარეობამდე, პროტესტის ამ ფორმებამდე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„დღეს უკვე 16:00 საათზე ველოდებით აქ საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბება და დაიწყებს მსვლელობას 16:00 საათიდან. კონკრეტულად არ ვამბობთ ამ ეტაპზე, 16:00 საათზე გავაჟღერებთ სცენიდან, რა მიმართულებით დავიწყებთ მსვლელობას და რა გადაიკეტება დღეს. ზოგადი გეგმა რომ გითხრათ, არის, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი ძირითადი მოთხოვნები. რაც შეეხება ულტიმატუმის ენას, თქვენ იცით, რომ 211 დღე გავიდა უკვე ჩვენი პროტესტის დაწყებიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეფასება არაადეკვატურია. ჩვენ ულტიმატუმის ენით რომ გვესაუბრა, ეს პროცესი აქამდე არ მივიდოდა, უბრალოდ მათ ამოწურეს ყველანაირი სივრცე დიალოგის, თავად მიგვიყვანეს ამ მდგომარეობამდე, პროტესტის ამ ფორმებამდე, ამიტომ ჩვენ არ დაგვრჩენია სხვა არაფერი, თუ არა გაერთიანება, ვგულისხმობ საზოგადოებას და ჩვენი გაერთიანებული ძალებით ბრძოლა ამ უსამართლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელი რჩება.

„მოთხოვნებს რაც შეეხება, ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დადებულია მასთან 2015 წლიდან. აქ იგულისხმება ხელშეკრულების ნაწილიც და რა თქმა უნდა, მიწის გადაცემის ნაწილიც. ასევე, ეკონომიკის მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც მონაწილეობდა ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში და გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა დავიწყოთ ფართო საზოგადოების ჩართულობით მსჯელობა ენერგოსექტორის სფეროში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომ აღარ მივიღოთ თუნდაც მსგავსი ტიპის პროტესტი“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.