ნინო თანდილაშვილი - დაცულ ლანდშაფტზე საუბარია მხოლოდ ისეთი ობიექტების აშენებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივების ელექტრომომარაგებას და ტურიზმის განვითარებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი განმარტავს, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაცულ ლანდშაფტებზე მხოლოდ მცირე ზომის ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ელექტრომომარაგებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, ტურისტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს.
როგორც მან დღეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მთავრობა და სამინისტრო, არ ეთანხმება და არ დაეთანხმება დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მსხვილი მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას არც ერთ შემთხვევაში.
„აქ არის საუბარი იმაზე, რომ დაცულ ლანდშაფტზე გაკეთდეს ისეთი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ელექტრომომარაგებას, ტურიზმის განვითარებას და მას არ ექნება კომერციული მიზნები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის დაცული ტერიტორიების და დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობა. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების წარმოდგენილი რედაქცია საჭიროებს დაზუსტებას და ამ ნაწილში აბსოლუტურად ვეთანხმებით, რომ შესაძლებელია რედაქციაზე მუშაობა. ამაზე პრობლემა არ გვაქვს, პირიქით საპარლამენტო ფორმატი არის ფორმატი, სადაც ასეთი ტიპის დისკუსიები აუცილებლად უნდა იყოს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტზე მსჯელობა დაიწყო.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, წარდგენილი პროექტი მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.