ნინო ქადაგიძე - წინა ხელისუფლების დროს ზემოქმედება არც ერთ ეტაპზე არ მიგრძნია, ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა, ჩემი პრინციპები ისე გამეტანა, როგორც საჭიროდ მივიჩნევდი
ნინო ქადაგიძე - წინა ხელისუფლების დროს ზემოქმედება არც ერთ ეტაპზე არ მიგრძნია, ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა, ჩემი პრინციპები ისე გამეტანა, როგორც საჭიროდ მივიჩნევდი

წინა ხელისუფლების დროს ზემოქმედება არც ერთ ეტაპზე არ მიგრძნია. ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა, ჩემი პრინციპები ისე გამეტანა, როგორც საჭიროდ მივიჩნევდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

„მარტივი არ არის, პასუხი გასცე კითხვას, სისტემაზე ზეწოლა არის თუ არა. ჩემი მოსაზრებით, ვიტყვით, რომ სასამართლო თავისუფალია ინსტიტუციურად, თითოეული მოსამართლე თავისუფალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორჯერ შეიცვლება ხელისუფლების ორი შტო და მესამე, რომელიც არის სასამართლო, დარჩება თავის ადგილზე მყარად. ამ შემთხვევაში შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ სასამართლო შედგა ქვეყანაში.

ამასთან, საიდუმლო არ არის, რომ ნულოვანი ტოლერანტობა 2006 წელს გამოცხადდა. ამ პერიოდში ძალიან უსამართლო სისხლის სამართლის კოდექსი დახვდა ამ პრინციპს“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, მდუმარე მოსამართლე აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„დღესაც არ მომწონს სისხლის სამართლის პროცესში ბევრი რამ. ვფიქრობ, რომ სასამართლოს განვითარებას ვერ დაეწია პროკურატურის განვითარებაც, ანუ რეფორმა იმ პერიოდში პროკურატურაში არ ჩატარდა. საპროცესო შეთანხმებები, რომლებიც უამრავი რაოდენობით მოდიოდა სასამართლოში, მოსამართლეს შეთანხმების ეტაპზე არ რჩებოდა არაფერი, გარდა იმისა, რომ დაედასტურებინა. ამიტომ, როცა პოლიტიკა არის ნულოვანი ტოლერანტობა და ამას ემთხვევა ის კანონმდებლობა, რომელიც, ჩემი აზრით, უსამართლოა, მხოლოდ მოსამართლეებს ვერ დავაბრალებთ იმას, რომ გადაწყვეტილებები იყო ისეთი, როგორიც იყო. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პარლამენტი მაინც შეძლებს იმ ხარვეზების აღმოფხვრას სისხლის სამართალში, რაც დღემდე რჩება და ხელს უშლის მოსამართლეს“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.