უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის შეფასებით, სასამართლო ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელია, თუმცა მართლმსაჯულების სისტემაში არის რიგი საკითხები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს.
ამის შესახებ ქადაგიძემ განაცხადა ევროკავშირის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, რომელიც მართლმსაჯულების სფეროს ეხება.
მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა რეკომენდაციებზე, რაც აღნიშნული პროექტით არის გათვალისწინებული, აგრეთვე იმ შეფასებებზე, რომელიც შეხვედრის მონაწილე მხარეებმა, არასამთავრობო ირგანიზაციების წარმომადგენლება და ოპოზიციური პარტიების წევრებმა გამოთქვეს.
„უკეთესია, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. ამიტომ როცა ვინიშნებოდი, ყველა თქვენგანის მიმართ ჩემი თხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ ნებისმიერი კითხვის მიმართ ვიქნებოდი ღია და გახსნილი. ბუნებრივია, სასამართლოს სრულყოფამდე ძალიან ბევრი აკლია, ეს არის ეტაპობრივად გადასადგმელი ნაბიჯები, ამას სჭირდება ინსტიტუციური მეხსიერების დაგროვება, ამას სჭირდება როგორც შიდა, ასევე გარე ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოპოვება. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლდ მიღწევადი იქნება“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
რაც შეეხება დასმულ კითხვას გავლენიან ჯგუფებზე და იმაზე, თუ რატომ არ შეჩერდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა, ნინო ქადაგიძის თქმით, გავლენიან ჯგუფებზე საუბარი უკვე უხერხული ხდება.
„სასამართლო იმართება კორპორატიულად და ყველა მოსამართლე ჩართულია მის მართვაში. რაც შეეხება საბჭოს მოსამართლეების არჩევის დაპაუზებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორგანიზაციულად მართავს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს. იმ პირობებში, თუ ჩვენ გავითვალისწინებდით ამ რეკომენდაციას და შევაჩერებდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებას, ეს გახლავთ კონსტიტუციური ორგანო, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ვერც მე და ვერც პოლიტიკოსი, რამეთუ ეს განაპირობებს პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების ფუნქციონირების შეჩერებას. ეს არ არის არც ჩემი ახირება და არც რომელიმე ჩემი კოლეგის სურვილი, ეს არის კონსტიტუციის მოთხოვნა, კონსტიტუცია უნდა შესრულდეს, ეს ცალსახაა.
პარტნიორები არიან პოლიტიკოსები, ისინი იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მათ აქვთ იმის უფლება, რომ გააკეთონ პოლიტიკური განაცხადები, მაგრამ სასამართლო და მოსამართლეები ვერასდროს მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ისინი არიან ვალდებული, დაემორჩილონ კანონს, კონსტიტუციას. იმ პირობებში, თუ კანონში შევა ცვლილებები, მე პირობას გაძლევთ, რომ სასამართლო ყველა ამ ცვლილების იმპლემენტაციას მოახდენს და აღასრულებს“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ამასთან, ნინი ქადაგიძის განცხადებით, ასევე უხერხულია სასამართლო სისტემაში კლანთან დაკავშირებით საუბარი.
„უკვე მეორე წელია, ამ კითხვას მისვამენ ჟურნალისტები, უხერხულია უკვე ამაზე საუბარი. მაშინ უნდა ვთქვათ კონკრეტული მაგალითები და ამას ვითხოვ, დავდოთ კონკრეტული მაგალითები, რაში ვლინდება სასამართლოში კლანის არსებობა“, – აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.
ამავდროულად, ძალაუფლების დაბალანსების საკითხზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ საბჭოს მოწყობის საკითხი გაწერილია კონსტიტუციაში.
„თუ კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, ბუნებრივია, ჩვენ ამას აღვასრულებთ. ჩვენ არ ვართ კანონშემოქმედები, აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ამ ორი შტოს ფუნქცია, არის პარლამენტი და არის სასამართლო, ყველა ეს პრეტენზია, რომელიც მოემართება ამ ეტაპზე, შეგიძლიათ, უბრალოდ პარლამენტისკენ წარმართოთ.
ცალსახად შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ყველაფერი იდეალურად არის. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც სასამართლოში შეიძლება, ყველაფერი იდეალურად იყოს, რადგან შეუძლებელია, სასამართლოთი ყველა კმაყოფილი იყოს. თავისთავად, ინსტიტუციურად აქვს პრობლემა, რადგან მოდავე მხარეები მოდიან და არ შეიძლება, ყველა კმაყოფილი იყოს, ბუნებრივია, განვითარების, ინსტიტუციური სრულყოფის თვალსაზრისითაც აქვს პრობლემები სასამართლოს. ყველაზე დიდი პრობლემა, რაზეც სასამართლო არ საუბრობს და ჩემთვის, თავმჯდომარისთვის პრიორიტეტული გახლავთ, არის, ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი ინდივიდის სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილი იყოს და ეს არის საქმეთა სიმრავლე.
როცა მართლმსაჯულებას ვერ იღებ წლების განმავლობაში, უკმაყოფილება არის და სწრაფი მართლმსაჯულება განაპირობებს სასამართლოს ხელმისაწვდომობას და უფლებას, რომ თითოეული ინდივიდის უფლება მაქსიმალურად დაცული იყოს. ამიტომ მე ამ პრობლემას ცალსახად ვხედავ. ეს აუცილებელად განპირობებულია იმით, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა გვყავს სისტემაში, არის სხვა სხვა პრობლემებიც, მატერიალური, ტექნიკური პრობლემები, რესურსული პრობლემები, რომელსაც დაძლევა სჭირდება, ამაზე უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ეს ვერ მოხდება ერთ და ორ წელიწადში. ერთადერთი, ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. სრული გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეხვდეთ ნებისმიერ მოსამართლეს, მე ეს შევთავაზე ჩვენი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, ექსპერტებს, ელჩებს, შეხვდნენ მოსამართლეებს და თუნდაც ჩემ გარეშე ისაუბრონ სასამართლო სისტემაზე.
სრული დამოუკიდებლობა, როგორც სრული ჭეშმარიტება, არ არსებობს. ვამბობ, პოლიტიკური გავლენებისგან სრულად დამოუკიდებელია, აბსოლუტურად დამოუკიდებელია, თუმცა საკითხები საჭიროებს დახვეწას ინდივიდუალური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. შეიძლება, პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს მოსამართლე, მაგრამ ინდივიდუალური, შიდა ბოჭვა ჰქონდეს, ამ უნარების დაძლევაზე ბუნებრივია, უნდა ვიმუშაოთ. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და არ მოქმედებდა კანონიერების ფარგლებში“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.