ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ერვოკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს.

„ევროკავშირი, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და სისტემის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 19 აპრილის დოკუმენტიც „ამბიციური“ და „ფართომასშტაბიანი“ რეფორმების „ინკლუზიური“ პროცესის მეშვეობით გატარებას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი მიესალმნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და მედია.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ძირითადი ფოკუსი რეფორმების მე-3 და მე-4 ტალღების სრულად დანერგვაზე იყო მიმართული, რაც, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამჭვირვალობის გაზრდას, პროცედურების დახვეწას და დასაბუთების სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, სამ ძირითად სესიაზე მიმოხილული იყო სასამართლო ხელისუფლების სისტემის მულტიცენტრულობის და ორგანიზაციული მოწყობის, გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და ხელმისაწვდომობის; სამოსამართლეო დისციპლინის საკითხები; ევროკავშირის სამართლის და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობა. გლობალურმა პანდემიამ პროექტის გუნდს უბიძგა მეტად კონცენტრირებულიყო ანგარიშების, შედარებით-სამართლებრივი კვლევებისა და რეკომენდაციების მომზადებაზე. თუმცა, ანალიტიკური კვლევების მიღმა, პროექტის გუნდმა ბენეფიციარებს არაერთი პრაქტიკული ტრენინგი, შეხვედრა და დისკუსია შესთავაზა.

დამოუკიდებლობის, ეთიკის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება სასამართლოში ევროკავშირის მომავალი მხარდაჭერის პრიორიტეტად რჩება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური, გამჭვირვალე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული შეფასების კრიტერიუმებით ხდებოდეს. ასევე, დღის წესრიგის პრიორიტეტად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნების სამართლებრივი დასაბუთების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

185 კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა, ტრენინგი და საერთაშორისო კონგრესი თუ სიმპოზიუმი; რვა სასწავლო ვიზიტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გასაზიარებლად; შვიდი საზაფხულო და ზამთრის სკოლა – ეს არის იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალი, რომელთა ორგანიზება პროექტის გუნდმა ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში (2016 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე) შეძლო. პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარლამენტთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საერთო სასამართლოებთან, იუსტიციის სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

განხორციელებული აქტივობების მოკლე ჩამონათვალი შემდეგია: სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება; რეფორმის მე-4 ტალღისთვის რეკომენდაციების მომზადება; სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების გაძლიერება; ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, წლიური ანალიტიკური და განზოგადების ანგარიშების მომზადება და პრეზენტაცია; სასამართლო სისტემის სრულფასოვანი ინფორმატიულ-ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარება; მომხმარებელზე ორიენტირებული ვებპორტალის შექმნა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის; საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის შექმნა და ვებგვერდის განახლება; ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; არაერთი ტრენინგი მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირის სამართლის მიმართულებით; სასამართლოს მოხელეთა გადამზადების მიზნით მართლმსაჯულების სკოლის დაარსება; საკონსტიტუციო სასამართლოს ზაფხულის სკოლის მხარდაჭერა; აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრაქტიკაში გამოყენების კუთხით პროსეფიონალთა გუნდების გადამზადება; იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამის ზრდასრულებზე გავრცელების მიზნით.