ნინო ლომჯარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადგინდეს, მაჩალიკაშვილის შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი.
“მინდა, გამოვეხმაურო სპეცოპერაციის დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუმსამძიმრებ მის ოჯახს. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს, აღმოუჩინეს თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება, გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა შენარჩუნებულიყო ახალგაზრდის სიცოცხლე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან სწავლობს მაჩალიკაშვილის საქმეს და განცხადება ინფორმაციის გამოთხოვის თხოვნით უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში, შსს-ში, ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე უსაფრთხოების სამსახურსა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
“ჩვენ ვსწავლობთ და ვცდილობთ, რომ შევისწავლოთ ყველა დეტალი, რომელიც უკავშირდება როგორც ამ ოპერაციას და დაჭრის ფაქტს, ასევე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა იყო შესაძლებელი და რამდენად დროულად აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება. იყო თუ არა კიდევ უფრო მეტის გაკეთება შესაძლებელი. ამ ეტაპზე ველოდებით ინფორმაციას. მინდა განვაცხადო, რომ სამწუხაროდ, კანონმდებლობით სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა გამოძიების მასალებთან, თუმცა ჩვენ მივმართეთ პროკურატურას. საჯაროდაც მინდა მივმართო პროკურატურას, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უზრუნველყონ სახალხო დამცველის შესაძლებლობა, გაეცნოს საქმის მასალებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ საქმისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური, თუმცა ვფიქრობ, რომ არსებობს არაერთი შეკითხვა, რომელზეც ჩვენ გვჭირდება პასუხი. იმედი მაქვს, რომ როგორც სახალხო დამცველს, მომეცემა შესაძლებლობა გავეცნო ექსპერტიზის დასკვნას, საქმის გარემოებებს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.