ნინო ლომჯარია - თეა წულუკიანის წარდგენილ ვიდეოში უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებაზე
ნინო ლომჯარია - თეა წულუკიანის წარდგენილ ვიდეოში უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებაზე

ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი დაიწყებს შესწავლას, რატომ იყო ვიდეო ამდენი ხნის განმავლობაში დაარქივებული და პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის უკანონო მიყურადება ხომ არ ხდებოდა.

„ვერ დავინახე განსკუთრებული პრობლემა. არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობისთვის შესაძლებელია, საჭირო იყოს მასთან რაღაც ადამიანურ ურთიერთობასა და ნდობაში შესვლა. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ. მე ამ ვიდეოზე უკანონო ვერაფერი ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია რომ სერიოზული კითხვები არის საერთოდ, აღნიშნული ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, რატომ არის შენახული და დაარქივებული ამდენი თვის განმავლობაში, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული ვიდეო. სახალხო დამცველი ამ საკითხის, მისი კანონიერების შესწავლას აუცილებლად დაიწყებს და ასევე შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონოდ მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის მოხსენება მოისმინეს, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე სპეციალურ ანგარიშს ეხება. ანგარიშში ასახულ საკითხებზე კი, კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ვიდეო, რომელზეც მისივე თქმით, ჩანს, როგორ იქცევა ომბუდსმენის წარმომადგენელი საკანში მონიტორინგისას და ასევე ვიდეო, რომელზეც პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდია ასახული.