თეა წულუკიანმა ვიდეო წარადგინა, სადაც, მისივე თქმით, ჩანს, როგორ იქცევა ომბუდსმენის წარმომადგენელი საკანში მონიტორინგისას [ვიდეო]

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვიდეო წარადგინა, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიერ საკანში მონიტორინგის პროცესი არის აღბეჭდილი.

იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ე.წ. მაყურებელზეა საუბარი.

„რაც შეეხება იმ საკითხს, რომ შემოდის ახალი პატიმარი და მას უმასპინძლდება ვიღაც პატიმარი ყავით, თუ ჩაით და თქვენი ეჭვით, ეს უნდა იყოს მაყურებელი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მითხარით ამ ე.წ. მეჩაიე, თუ მეყავე მაყურებლის გვარი და სახელი, რომ ის დაისაჯოს, მაგრამ თქვენ ალბათ ამას არ იტყვით. „აიდი ბარათებისა“ არ იყოს, იუსტიციამ დაბეჭდაო და შემდეგ რომ დაიბარეს ამ განცხადების ავტორები, ეს თქვენ არ ბრძანდებოდით, მერე თქვეს – „არ ვიცით, ასე გვითხრეს და“… არ ვიცით, ასე გვითხრეს და კი არა,  უნდა თქვათ სახელები და გვარები“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ვიდეო, რომელზეც საუბარია, 2019 წელს არის ჩაწერილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვილ საკანში.

„ჩვენ ვნახავთ ვიდეოს, როგორ ახორციელებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიტორინგს საკანში. ეს არის საკანი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოთვალით, შესაბამისად, გარდა სველი წერტილისა, პატიმარი არის ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. სწორედ აქ მიბძრანდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ეს ხდება  2019 წელს, ანუ საანგარიშო პერიოდში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი საკანში სვამს პატიმრის მიერ მოდუღებულ ყავას და სარგებლობს მისი სველი წერტილით.

„ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს, შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ.  მონიტორინგის რეჟიმში. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური შემთხვევები. თუმცა, მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მასიური შემთხვევები, მაგრამ არის პრობლემა.

„მოდით, ვიყოთ ობიექტური და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც სხვათაშორის, დახეული ჯინსი აცვია. როცა თქვენ მე მსაყვედურობთ, რომ გეგუთში თანამშრომელს ფორმა არ ეცვა და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ისრით რომ არ იყოს მონიშნული, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთაერთდი იმით შეიძლება, მიხვდე, რომ ჩვენ ქუდის, მათ შორის „კაპიშონის“ ტარების უფლებას არ ვაძლევთ პატიმარს და ბასკური ბერეტით შეიძლება, მიხვდე. თუმცა ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოგვიანებით, ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.  ვიდეოში წითელი ისრით ომბუდსმენის წარმომადგენელია აღნიშნული.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის მოხსენება მოისმინეს, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე სპეციალურ ანგარიშს ეხება. ანგარიშში ასახულ საკითხებზე კი, კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.