ნინო ლომჯარია - სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ დასაწყებია
სასამართლომ დაადასტურა, რომ გამოძიებამ დავით სარალიძის შემთხვევაში მკვლელი ვერ გამოავლინა, შესაბამისად, გამოძიება აუცილებლად დასაწყებია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
„ჩვენ ვერ აუვლით გვერდს საპროცესო მოქმედებებს ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი. ეს უფრო მალე უნდა ყოფილიყო გამოძიებული. უფრო ადრე იყო საბაბი და საფუძველი იმისა, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წასულიყო და დაეწყო მოკვლევა, ვინ შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მონაწილე სხვა პირი. გამოძიება დაუყოვნებლივ დასაწყებია“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კომისიამ მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ პროკურატურამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნული დანაშაული გამოძიების დროს რამე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინეს.
„ასევე, გამოძიება სხვა ვერსიების მიმართულებით რატომ არ წავიდა და მათ ქმედებებში გადაცდომა ხომ არ იკვეთება“, – ამბობს სახალხო დამცველი.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრუნდება და ზედამხედველობას კვლავ პროკურატურა უწევს, ლომჯარია აცხადებს, რომ ეს არის რეალობა და მოქმედი კანონმდებლობა.
„რეალურად, გამოძიებას ვერც ერთი სხვა მექანიზმი ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყოს და ამ პროცესზე ზედამხედველობა თვისი საგამოძიებო კომისიით საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შსს-ში დაბრუნდება და გამოძიების პროცესს ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი გიორგი გახარია წაიყვანს.