ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად მუშაობას დღეს ოფიციალურად შეუდგება 
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად მუშაობას დღეს ოფიციალურად შეუდგება 

სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას ნინო ლომჯარია დღეს ოფიციალურად შეუდგება. ახალ ომბუდსმენს ოფისში 09-დან 10:00 საათამდე ელოდებიან. რაც შეეხება ცვლილებებს ომბუდსმენის აპარატში, ლომჯარია ჯერ თანამშრომლებთან ეტაპობრივად შეხვედრას გეგმავს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ახალ სახალხო დამცველს დღეს ოფისში წინამორბედი არ დახვდება. ყოფილმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება სამშაბათს, 5 დეკემბერს გადააბარა.

ახლად არჩეულ ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა საზოგადოების მოლოდინს უნდა პასუხობდეს.

ლომჯარია მზად არის, ყველა იმ ადამიანის დამცველი გახდეს, ვისი დაცვაც, როგორც თავად აცხადებს, შესაძლოა, არაპოპულარული იყოს. ამის შესახებ ომბუდსმენმა პირველ არხზე, ირაკლი აბსნაძის ინტერვიუშიც განაცხადა. 

ლომჯარია სახალხო დამცველის კანდიდატურად არასამთავრობო სექტორმა წარადგინა. უმრავლესობამ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის თანამდებობაზე 30 ნოემბერს დაამტკიცა.

ნინო ლომჯარია წლების განმავლობაში მუშაობდა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ხელმძღვანელად:

განათლება: იურისტი, სამართლის მაგისტრი.
კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: საარჩევნო სისტემები, კარგი მმართველობა, პოლიტიკური უფლებები, ქალთა უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული კვლევები.
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული.
ბიოგრაფია:

ნინო ლომჯარიას მიღებული აქვს სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (2011), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში (2006).

2016 წლის ნოემბრიდან ნინო ლომჯარია საქართველოს გენერალური აუდიტის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2011 წლიდან 2015 წლამდე ნინო ლომჯარია იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას არასამთავრობო ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED). 2015 წლიდან არის ევროპული საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელის, ENEMO-ს გენერალური მდივანი. ორგანიზაცია 17 ქვეყნის 22 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარია ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაცია EPDE-ს გამგეობის წევრია 2014 წლიდან.

2004-2008 წლებში ნინო ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა იურისტის პოზიციაზე კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე.

2008-2010 წლებში ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა საარჩევნო პროექტების მენეჯერად, რაც მოიცავდა ორგანიზაციის სადამკვირვებლო, ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების მართვას. 2010 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის კვლევის ასისტენტის პოზიციას იკავებდა.
ნინო ლომჯარია არის 15 კვლევის ავტორი არჩევნების მონიტორინგის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მედიაგამჭვირვალობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე.