ნინო ლომჯარია - ყველა იმ ადამიანის დამცველი ვიქნები, ვისი დაცვაც შესაძლოა, არაპოპულარული იყოს
ნინო ლომჯარია - ყველა იმ ადამიანის დამცველი ვიქნები, ვისი დაცვაც შესაძლოა, არაპოპულარული იყოს

ომბუდსმენს მოუწევს იმ ადამიანების დაცვა, რომლებზეც ყოფილი სახალხო დამცველები არ საუბრობდნენ, – ამის შესახებ ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ პირველი არხის გადაცემაში “კვირის ინტერვიუ” სტუმრობისას განაცხადა.

“შესაძლოა, ადამიანებს აქვთ აღქმა, რომ თავიანთი უფლებების დასაცავად ვიღაცების აქტიურობა სხვის უფლებებს არღვევს. ამ თემის სენსიტიურობა ძალიან კარგად მესმის, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც სახალხო დამცველი, ყველა იმ ადამიანის დამცველი ვიქნები, ვისი დაცვაც შესაძლოა, არაპოპულარული იყოს. ეს მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს არ ეხებათ”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველმა ყველას უფლება თანაბრად უნდა დაიცვას.

“სახალხო დამცველს, მათ შორის, მოუწევს პოლიტიკური ჯგუფების დაცვა, რომლებიც შესაძლოა, მხარდაჭერით არ სარგებლობენ. ასევე – რელიგიური უმცირესობებისა და იმ ადამიანების დაცვა, რომლებზეც შესაძლოა, ყოფილი სახალხო დამცველები არ საუბრობდნენ. შეიძლება, რაღაც ახალი საკითხები და თემებიც წამოვიდეს. მზად ვარ იმისთვის, რომ ზეწოლა იქნება. ზოგადად, ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად, ცოტა უმადური საქმეა, რადგან ყოველთვის იარსებებს მხარე, რომელიც სახალხო დამცველის საქმიანობით უკმაყოფილო იქნება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე