ნინო ლომჯარია - პროკურატურის მხრიდან თუ იქნება ნება და მოგვცემენ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებზე წვდომას, შევძლებთ, გამოძიების პროცესზე სრულყოფილი ზედამხედველობა განვახორციელოთ
პროკურატურის მხრიდან თუ იქნება ნება და მოგვცემენ საქმის მასალებზე წვდომის საშუალებას, შევძლებთ, რომ სრულყოფილი ზედამხედველობა განვახორციელოთ გამოძიების პროცესზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ოჯახის სურვილი თუ იქნება, ომბუდსმენის აპარატი მზად არის, პროცესში ჩაერთოს.
„ჩვენ სიცოცხლის მოსპობის საქმეებთან დაკავშირებით გვქონდა არაერთი გამოძიების საქმის მასალებზე წვდომა. დღესაც ვისაუბრე პარლამენტში, რომ გამოძიებები ხასიათდება მთელი რიგი ხარვეზებით, გადაუდებელი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას აქვს ადგილი, რის გამოც შემდეგ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა რთულდება. ქედან გამომდინარე, თუკი დაზარალებულ მხარეს აქვს რაიმე შეკითხვები, ან შიშები, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება, რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ გავუწიოთ მათ შესაბამისი დახმარება და უფრო აქტიურად ჩავერთოთ, აქტიური როლი მივიღოთ გამოძიების ზედამხედველობის პროცესში. სამწუხაროდ, სახალხო დამცველს არ აქვს გამოძიების მასალებზე წვდომა, თუმცა თუ იქნება პროკურატურის მხრიდან ნება და მოგვცემენ ამ მასალებზე წვდომას, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ სრულყოფილი ზედამხედველობა განვახორციელოთ პროცესზე. ალბათ თვითონ ოჯახის სურვილზეც იქნება ბევრი დამოკიდებული, რამდენად ექნებათ სურვილი, რომ ჩვენ უფრო აქტიურად მივიღოთ როლი ამ პროცესში“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.