ნინო ლომჯარია - მზად ვარ, შევხვდე ყველა საპარლამენტო ფრაქციას და გავცე მათ შეკითხვებს პასუხი
ნინო ლომჯარია - მზად ვარ, შევხვდე ყველა საპარლამენტო ფრაქციას და გავცე მათ შეკითხვებს პასუხი

ნინო ლომჯარია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატად მხარს უჭერს, განცხადებას ავრცელებს.

“პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში დაღუპული პირების გამო. წუხანდელი ღამის ტრაგიკული მოვლენების გამო ვერ გამოვეხმაურე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ჩემი კანდიდატურის დასახელებას სახალხო დამცველის პოსტზე. მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ ძალას ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების გათვალისწინებისთვის. დიდი მადლობა ვუთხრა არასამთავრობო სექტორს, თითოეულ თქვენგანს გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის. წინ საპარლამენტო განხილვებია და აქვე მინდა გამოვხატო ჩემი მზადყოფნა, შევხვდე ყველა საპარლამენტო ფრაქციას, მათი სურვილის და ინტერესის შემთხვევაში და გავცე მათ შეკითხვებს პასუხი. ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროცესში მოვიპოვო, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მზარდაჭერაც”,- ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის  სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

უმრავლესობამ შვიდ კანდიდატურაზე იმსჯელა, რომელთა შორისაც იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.