საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

უმრავლესობამ შვიდ კანდიდატურაზე იმსჯელა, რომელთა შორისაც იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.

სხდომაზე გადაწყდა, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა ნინო ლომჯარიას ექნება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბარი იყო სახალხო დამცველის 7 კანდიდატზე.

კობახიძის თქმით, მათ შორის განიხილებოდნენ არასამთვარობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან შემოთავაზებული კანდიდატები, საბოლოოდ კი, კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობა ნინო ლომჯარიას კანდიდატურაზე შეჩერდა.

„გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, ასევე გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უმრავლესობამ არჩევანი ნინო ლომჯარიაზე შეაჩერა.

დანარჩენი უკვე პროცედურების საქმეა და უახლოეს დღეებში მოხდება კანდიდატურის ოფიციალურად დასახელება. ჩვენი ვარაუდით, მომდევნო პლენარულ სხდომებზე მოხდება კანდიდატურის განხილვა და დაახლოებით ერთ კვირაში, სახალხო დამცველი თავის პოსტზე დამტკიცდება“.

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი იყო.

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.