ნინო ლომჯარია მესტიის მოსახლეობას სთავაზობს, საჭიროების შემთხვევაში, ომბუდსმენის აპარატის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ზემო სვანეთში მიმდინარე აქციებზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„დღეს, 26 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭუბერი, ხაიში და ილდიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული საპროცესო ღონისძიებები ადგილობრივმა მოსახლეობამ ჭუბერში და მოგვიანებით ხაიშში გააპროტესტა, სადაც მონაწილეების მიერ გადაიკეტა ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზა. მიმდინარე მოვლენებს ადგილზე აკვირდებიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ აქციის მსვლელობას.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახორციელებს ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.
„ასევე, მოვუწოდებთ შეკრებილებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით“, – აღნიშნულია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენის წარმომადგენელი ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების პროცესს და მონიტორინგს გაუწევს საპროტესტო აქციას მის დასრულებამდე.
„ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთათვის მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 598 08 30 06“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ესწრებოდნენ, მოსახლეობამ გზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მესტიის სოფლების ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა აქციას დღეს დილიდან მართავდა. ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებს აპროტესტებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი განმარტეს, რომ უწყების თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა – მხილების მიზნით.