ნინო ლომჯარია - ია კერზაიას საქმე ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდება
ნინო ლომჯარია - ია კერზაიას საქმე ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდება

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმე სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქმის შესწავლა გრძელდება და საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში მომზადდება.

„ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით. ჩვენი მხრიდან გამოკითხულია ყველა ის ადამიანი, ვისაც შეეძლო რაიმე ტიპის ინფორმაცია მოეცა. გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან და ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება შესაბამისი დასკვნა, თუმცა ამ ეტაპზე ეს საქმე მოხვდება ჩვენს ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც ძალიან მალე წარვადგენთ პარლამენტში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.