ნინო ლომჯარია - გიორგი შაქარაშვილის ოჯახს თუ აქვს განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება დროულად, მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს აქვს თუ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება დროულად, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, თავად საქმის სტრუქტურა და ის, რაზეც მოწმეები საუბრობენ, აჩენს გარკვეულ მსგავსებას ხორავას ქუჩის საქმესთან.
„მაქვს გარკვეული შიშები, რამდენად ეფექტურად წარიმართება და დროულად ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა, რომ ამ ტიპის საქმეებზე ჩატარდეს, რაც ვერ ჩატარდა ხორავას ქუჩის საქმეზე, რის გამოც ხარვეზებით წარიმართა გამოძიება. მინდა, სახალხო დამცველის დახმარება შევთავაზო დაზარალებულ ოჯახს. თუ მათ აქვთ განცდა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება ან დროულად არ ტარდება. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიებაში. მოვთხოვთ პროკურატურას, რომ მოგვცეს დაშვება საქმის მასალებზე და დავეხმაროთ მათი საპროცესო უფლებების რეალიზაციის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.