ნინო ლომჯარია - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის ფორმალიზება ან კონკურსის გზით კანდიდატის დასახელება ეფექტური ვერ იქნება და თავად პრეზიდენტიც სისტემაში არსებულ ვითარებას კარგად ხედავს.
„პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა მთელი რიგი კონსულტაციების წყება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა და ადმინისტრაციამ იცის სხვადასხვა სექტორის მოსაზრებები, მათ შორის კრიტერიუმებთან და ალბათ კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებითაც. ვფიქრობ, დღეს იგივე ვადებისა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ალბათ უკვე პრეზიდენტის მისაღები გადაწყვეტილებაა კანდიდატის დასახელება. მიმაჩნია, რომ ამ პროცესის ფორმალიზება ან რაღაც კონკურსის ჩატარება, საყოველთაო კონკურსის გზით კანდიდატის დასახელება ეფექტური ვერ იქნება, რადგან კონკურსი სხვა ტიპის უნარებს აფასებს მაშინ, როდესაც დღეს იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლო სისტემაშია, შეიძლება სხვა უნარების ქონა იყოს კანდიდატისთვის აუცილებელი. ვფიქრობ, იქ არსებულ ვითარებას პრეზიდენტი ძალიან კარგად ხედავს, ასევე იმ უნარებსა და გამოცდილებას, რაც კანდიდატს სჭირდება და უნდა ახასიათებდეს. ვფიქრობ, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატურის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით დღეს შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება შეხვედრის მონაწილე იურიდიული წრეებისა და არასამთავრობოებისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა.